„პარი სენ-ჟერმენმა ფრთები დაიბრუნა“ | ლიზარაზუ კვარაცხელიას აქებს
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რენის“ შეხვედრას გამოეხმაურა. ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და აღნიშნა, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ფრთები დაიბრუნა.
„ძალიან კარგია ხვიჩა კვარაცხელიას ამ დონეზე ხილვა. სეზონის დასაწყისში მას მცირე ტრავმა ჰქონდა და ბოლო პერიოდში პარი სენ-ჟერმენი პატარა ჩიტს ჰგავდა. როდესაც ფრთები არ გაქვს, გამორიცხულია იფრინო. ახლა პარიზელებმა ფრთები დაიბრუნეს და კვარაცხელია და ბარკოლა ფლანგებზე ბრწყინვალედ თამაშობენ.
რა თქმა უნდა, გუნდს ნუნუ მენდეში და აშრაფ ჰაკიმი ძალიან აკლია, მაგრამ როდესაც ორივე ფრთა სათანადოდ მუშაობს, პარი სენ-ჟერმენი ეფექტური გუნდია. როდესაც ასე არ ხდება, გუნდი შორს ვერ მიდის.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ 5:0 გაანადგურა და კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და 33 ქულა აქვს.