„სოც ქსელში მე არაფერი დამიწერია“ | მერაბს იანის მენეჯერი ესაუბრებოდა
UFC 323-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, „მანქანა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა.
ორთაბრძოლის შემდეგ იანმა და მერაბმა სოციალურ ქსელ X-ში შეტყობინებები გაცვალეს. თავდაპირველად, პიოტრმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ლამაზ ქალბატონებთან ერთად ჯაკუზიში იმყოფება და დვალიშვილს მისთვის სასმელი მიაქვს. „მანქანამ“ მას მსგავსი ფოტოთი უპასუხა, განაცხადა, რომ მათ შორის ანგარიში 1:1-ია და საკითხავი ის არის, 2026 წელს რა მოხდება.
And question is what’s gonna happen in 2026? pic.twitter.com/OOrgzxAK0n
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 8, 2025
„2026 წელს, ჩემო მეგობარო, შვილები და მეუღლე უნდა გყავდეს“, – აღნიშნა იანმა, რაზეც დვალიშვილმა თქვა, რომ ძებნა დაწყებული აქვს. ამის შემდეგ პიოტრმა მერაბს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და „მანქანისგან“ მადლობა მიიღო.
იანის დამოკიდებულებამ სოციალურ ქსელებში საქებარი სიტყვები დაიმსახურა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პიოტრს პირადად არაფერი დაუწერია. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მას მერაბთან გამართულ მიმოწერაზე ჰკითხეს, და იანმა განაცხადა: „მერაბთან მიმოწერა? სად? X-ზე? მე არაფერი დამიწერია. ალბათ ჩემმა მენეჯერმა, საიატმა დაწერა, და მგონია, რომ მე და მერაბი მეგობრები ნამდვილად არასდროს ვიქნებით.“
The bantamweight division's most wholesome rivals ???? pic.twitter.com/xt2HeuJaBL
— MMA Fighting (@MMAFighting) December 9, 2025
შეგახსენებთ, რომ გუშინ დვალიშვილის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მან თქვა, რომ UFC დაუკავშირდა და უთხრა, რომ იანთან რემატჩს მიიღებს. ორთაბრძოლა სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიმართება.