„რომც მოთოვოს, თეთრი სახლის ეზოში ღონისძიება მაინც შედგება“ - დენა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც 2026 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში უნდა ჩატარდეს.
უაითის თქმით, ის დონალდ ტრამპს უახლოეს მომავალში შეხვდება, რის შემდეგაც ორგანიზაცია ლოგისტიკური და სხვა საკითხების დაგეგმვაზე დაიწყებს მუშაობას.
„აგვისტოს ბოლოს დონალდ ტრამპს შევხვდები, მოვუყვენი ჩვენი გეგმების შესახებ, გავიგებ, რა სურს მას და ამის შემდეგ ამ ღონისძიების თაობაზე უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება, თუმცა შესაძლო ჩხუბებზე ჯერ არ ვფიქრობთ - წინ მთელი წელიწადია.
გასათვალისწინებელია ბევრი რამ: როგორ განთავსდება თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქტაგონი, რომელიც 25 000 ფუნტს იწონის. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული ამინდზე. ეს მე ძალიან არ მომწონს და ადრეც ვთქვი, რომ ამას აღარ დავუშვებ, მაგრამ ეს თეთრი სახლია - რომც მოთოვოს, ღონისძიება მაინც ჩატარდება“.
ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს თეთრი სახლი UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს.