ლიგის ფინალი, მუნდიალი, ოქროს ბურთის ფავორიტობა - ბუფონის საუკეთესო წლები
ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა 45 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი 2000-იანების დასაწყისში დარჩა. ეს იყო „სუპერმენის“ კარიერის ყველაზე წარმატებული წლები, რომელშიც უხვად იყო დიდი გამარჯვებები, მტკივნეული მარცხები და აუხდენელი ოცნებები.
2000-2006 წლებში, კარიერის პიკზე ბუფონი უდავოდ თავისი თაობის საუკეთესო მეკარე იყო. ჯერ კიდევ თამაშობდნენ იენს ლემანი და ოლივერ კანი, თუმცა ორივე 30 წელს იყო გადაცილებული. პეტრ ჩეხი ჯერ კიდევ არ გადასულა „ჩელსიში“, „პარმას“ რიგებში კი ჯიჯის უკვე მოგებული ჰქონდა უეფას თასი (1999).
2023 წლის 28 მაისი, ოლდ ტრაფორდი, მილანი-იუვენტუსი
„მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა სტადიონი იმ საღამოს: ტრიბუნებში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. მახსოვს ფინალში ჩემი ემოციებიც. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ტვირთი, რომელსაც ალბათ ვერასოდეს მოვიშორებ“, - იხსენებდა ჯიჯი ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალს.
როგორც აღმოჩნდა, ეს ჯიჯისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე რეალური შანსი იყო. ორ სხვა ფინალში მეტოქე გუნდებმა იუვენტუსი აშკარად დაჯაბნეს. „ოლდ ტრაფორდზე“ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ბიანკონერის“ „როსონერიმ“ აჯობა.
ჯიჯი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - არც მანამდე და არც მას შემდეგ ეს ჯილდო მეკარეს არ მოუგია.
პრობლემური პერიოდი და დეპრესია
ამ დროს ბუფონს დეპრესია დაეწყო, რამაც მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ჯიჯი „პარმადან“„იუვეში“ ახალი გადასული იყო - 23 წლის მეკარეში „ბებერმა ქალბატონმა“ იმ დროისთვის რეკორდული თანხა - 100 მილიარდი ლირა გადაიხადა.
„თუ სპორტული და პირადი თვალსაზრისით 2002-2003 წლების სეზონი შესანიშნავი იყო, მომდევნო სეზონს სიამოვნებით დავივიწყებდი. ეგზისტენციური კრიზისი და დეპრესია მქონდა - საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ ვთამაშობ კარში. ეჭვქვეშ ვაყენებდი საკუთარ მნიშვნელობას როგორც მეკარე და როგორც ადამიანი. „იუვეში“ პირველი თვეები ძალიან რთული იყო - იშვიათად მიწევდა გუნდის გადარჩენა და ლამაზი ნახტომების შესრულება, ხოლო ნებისმიერი შეცდომა ორმაგად თვალსაჩინო იყო. ვგრძნობდი, რომ უკუსვლა დამეწყო“.
ჯიჯი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ გადაარჩინა.
„რომ არ მომეყოლა ჩემი ემოციების შესახებ, მარტო ამას ვერ გავუმკლავდებოდი. ბალანსსა და დაცემას შორის მხოლოდ ერთი წამია. ამ დაცემას მშობლებმა და დებმა გადამარჩინეს. მამაჩემი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მკაცრად მაკრიტიკებდა, იმ პერიოდში გვერდით მედგა და მეხმარებოდა“.
2006 წლის მუნდიალი - ტრიუფმი და ერთი ნაბიჯი „ოქროს ბურთამდე“
გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯიჯი იტალიის ნაკრების უპირობო პირველი ნომრის სტატუსით მიდიოდა (ნაკრებში ასევე იყვნენ მარკო ამელია და ანჯელო პერუცი). ბუფონმა მუნდიალზე 7-ვე მატჩი ჩაატარა, გაუშვა მხოლოდ 2 გოლი - კრისტიან ძაკარდოს ავტოგოლი აშშ-თან ჯგუფურ ეტაპზე და ზიდანის „პანენკა“ ფინალში.
ჯიჯი ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს - იტალიელი მეკარე „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იყო. სწორედ ამ დროს მოხდა ორი რამ, რის გამოც მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს ბედი სხვაგვარად გადაწყდა.
იტალია „კალჩოპოლის“ სკანდალმა შეაზანზარა, „იუვენტუსი“ სერია ბ-ში დააქვეითეს. გუნდი დატოვა არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა, მაგრამ არა ბუფონმა.
„ვერ წავიდოდი. „იუვენტუსის“ მილიონობით გულშემატკივარს ზურგს ვერ შევაქცევდი. ამიტომ მივიღე სწორი გადაყვეტილება, რომელიც ჯიჯის უნდა მიეღო“.
ტურინში დარჩენით ბუფონი მედიის ყურადღების ეპიცენტრიდან ამოვარდა. პარალელურად, „იუვენტუსიდან“ „რეალში“ იტალიის ნაკრების კაპიტანი, ფაბიო კანავარო გადავიდა და „ოქროს ბურთიც“ მოიგო. არავინ იცის, როგორ გადაწყდებოდა „ოქროს ბურთის“ ბედი, ბუფონს „ბებერი ქალბატონისთვის“ რომ ეღალატა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჯიჯი და ფაბიო მეგობრები არიან და ამ სიტუაციას მათ მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
„მოგიყვებით ეპიზოდს, რომელიც ჩემი და ფაბიოს ურთიერთობას ეხება. მუნდიალის შემდეგ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები ვიყავით. პრესა მაქებდა, ყოველდღე რომელიმე ჟურნალისტი წერდა, რომ ჯილდოს მე ვიმსახურებდი. დავიწყე ამაზე ფიქრი. ეს გემრიელად მომზადებულ კერძს ჰგავდა - როცა ჯერ ჭამა არ დაგიწყია, მაგრამ ნერწყვს უკვე ყლაპავ. ჯილდო ფაბიოს მისცეს - მათ თვითონ მითხრა ამის შესახებ. ნაკრებს ამხანაგური მატჩი ჰქონდა და ამ თემაზე ბევრს ვხუმრობდით. ერთხელაც ჩემი ნომრის კარზე დააკაკუნეს - ფაბიო იყო და ასეთი რამ მითხრა: „ჯიჯი, არ მინდა, რომ ამის შესახებ სხვისგან გაიგო. „ოქროს ბურთი“ მე მომცეს“. ორი-სამი საათი ვდარდობდი, შემდეგ კი გავიფიქრე: ჯილდოს იღებს ფეხბურთელი, რომელთანაც ვმეგობრობ და რომელმაც ყველაფერი გაიღო ამისთვის. ფაბიო იმსახურებს ამ აღიარებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ასეთი შანსი მეორედ აღარ მქონდეს“.
ასეთი შანსი ჯიჯის მეორედ მართლაც აღარ ჰქონია, მაგრამ მან სამუდამოდ დაიპყრო „ბიანკონერის“ გულშემატკივართა გულები. 2006 წლის შემდეგ „ოქროს ბურთთან“ ასე ახლოს არც ერთი მეკარე არ ყოფილა, რამდენიმე წელიწადში კი რონალდუსა და მესის ჰეგემონია დაიწყო. მოგვიანებით ბუფონს ტრავმები შეაწუხებს, ევროპული ფეხბურთის ავანსცენაზე კი იკერ კასილასი გამოჩნდება და ჯიჯის „მეკარეების ოლიმპოდან“ ჩამოაგდებს.