„ამ მარცხით დიდხანს ვერ დავიტანჯები“ - კომპანიმ სენ-ჟერმენს მიულოცა
„ბაიერნი“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც ტრებლის შესრულების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა, თუმცა მიუნხენელებმა „პსჟ“-სთან საპასუხო შეხვედრა 1:1 დაასრულეს, ორი მატჩის ჯამში 5:6 დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დარჩნენ. ბუნებრივია წაგებით იმედგაცრუებული გახლდათ „რეკორდმაისტერის“ ბელგიელი დამრიგებელი ვენსან კომპანი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ამ მარცხითა და იმედგაცრუებით დიდხანს ვერ დავიტანჯები. რა თქმა უნდა წაგება უსიამოვნო ამბავია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდით და ისიც აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ ეპიზოდებში უფრო ეფექტურად მოქმედება იყო საჭირო. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია, თუმცა მომდევნო სეზონში ამ ტურნირის მოგების შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემა, რაც პირადად მე უდიდეს მოტივაციას მაძლევს.
რა მომეწონა პსჟ-ის ასპარეზობაში? პრესინგი და მათი ფორვარდების მხრიდან თავისუფალი სივრცეების სათანადოდ ათვისება. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება რომ, როდესაც სახიფათოდ ვუტევდით და ბოლო პასი უნდა გაგვეკეთებინა, ან კარში დაგვერტყა, მეტოქე დაცვის გადაწყობას ასწრებდა. ტრაგედია არ მომხდარა, სხვა ევროპული გრანდებიც ათ წელიწადში ერთხელ იგებენ ჩემპიონთა ლიგას რა თქმა უნდა „რეალს“ თუ არ ჩავთვლით.
რაც შეეხება სადავო ეპიზოდებს, ბუნებრივია არბიტრის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდით, თუმცა ამ მარცხის გამო მთელმა გუნდმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. გასული 180 წუთის განმავლობაში როგორც ჩვენ, ასევე „პარი სენ-ჟერმენმაც“ ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად და მიზანს ალბათ საუკეთესომ მიაღწია“.
ცნობისათვის, „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ჩემპიონის ტიტული უკვე გაიფორმა. 23 მაისს კი, ქვეყნის თასის ფინალში „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში სეზონს ოქროს დუბლით დაასრულებს.