საგოლე მოქმედება ზედიზედ მეორე ტურში - კაკაბაძის გოლი იაგელონიასთან
კაპიტნის სამკლავურის მორგებასთან ერთად, ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიასთვის“ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, რასაც მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს. თუ წინა ტურში „ლეხიასთან“ (2:2) საშინაო შეხვედრაში თანაგუნდელს არაჩვეულებრივი საგოლე გადაცემა მიაწოდა, ამჯერად გოლი გაიტანა, რაც მის გუნდს დადებითი შედეგის მიღწევაში სამწუხაროდ ვერ დაეხმარა და „კრაკოვია“ სტუმრად „იაგელონიასთან“ დიდი სხვაობით, 2:5 დამარცხდა.
კაკაბაძემ სტუმრები მე-20 წუთზე დააწინაურა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და პირველი ტაიმი „კრაკოვიამ“ 2:1 მოიგო. მან მარჯვენა ფლანგზე თანაგუნდელის კარგი გარღვევა შენიშნა და საჯარიმოში შერბენილმა თავური დარტყმით აიღო მასპინძლების კარი.
 
ოთარს და მის თანაგუნდელებს თავისუფლად შეეძლოთ შესვენებაზე სულაც ორბურთიანი ფორით გასულიყვნენ, მაგრამ 44-ე წუთზე მიკელ მაიგაარდმა პენალტი ვერ გამოიყენა, რისთვისაც მისი გუნდი მეორე ტაიმში დაისაჯა და ერთბაშად ოთხი გოლი გაუშვა.
ოთხ ტურში დაგროვებული 7 ქულით „კრაკოვია“ პოლონეთის ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ ალექსანდრე კალანდაძის პლოცკის „ვისლას“ 3 ქულით ჩამორჩება.