ბარსელონური შერიგება - ტერ შტეგენს კაპიტნობა დაუბრუნეს
„ბარსელონასა“ და მარკ ანდრე ტერ შტეგენს შორის კონფლიქტი საბოლოოდ ამოწურულია. რამდენიმე კვირის წინ, 33 წლის გერმანელმა მეკარემ ზურგზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაახლოებით 3-თვიანი მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს. უთანხმოება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ის ხელს არ აწერდა სამედიცინო ბარათს, რომელსაც კლუბი ლა ლიგაში გააგზავნიდა, რაც „ბლაუგრანას“ მინიმუმ ერთი ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალებას მისცემდა.
გუშინ, ტერ შტეგენმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელებთან სიტუაციის დაძაბვა მის გეგმებში არ შედიოდა და იმედი დაიტოვა, რომ ყველანაირი უთანხმოება უკან დარჩებოდა. ამას დაემატა გერმანელის მხრიდან სამედიცინო ბარათზე ხელმოწერა და შესაბამისად, ჟოან ლაპორტამ და ჰანსი ფლიკმა მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის კაპიტნობა დაებრუნებინათ.
ცნობისათვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მას შემდეგ კატალონიურ გრანდთან ერთად ექვსჯერ ლა ლიგა, ექვსჯერ კოპა დელ რეი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.