„ფიქციაა და სხვა არაფერი“ - კრიშტიანუს პასუხი ოქროს ბურთზე
„ოქროს ბურთის“ წლევანდელ და ისტორიაში რიგით 69-ე ცერემონიამდე თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ბუნებრივია, სპორტული მედიის წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით საფეხბურთო ვარსკვლავებს ყველაზე მეტ შეკითხვებს უსვამენ. ზოგიერთი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს, ზოგი კი საკუთარ ფავორიტს მოურიდებლად ასახელებს და თან ასაბუთებს, თუ რატომ ანიჭებს მას უპირატესობას.
მსგავსი არაფერი გაუკეთებია კრიშტიანუ რონალდუს - „რიუ ავესთან“ (4:0) მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, სადაც „ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა კაპიტანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მას ჰკითხეს, თუ რომელ მოთამაშეს მიიჩნევდა „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ფავორიტად, რაზეც კრიშტიანუმ მოურიდებლად უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს პრიზი და მისი დაჯილდოებაც ფიქციაა და სხვა არაფერი.
ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუს „ფრანს ფუტბოლის“ პრესტიჟული საფეხბურთო პრიზი ხუთჯერ, 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში აქვს მოგებული და მაშინ „ოქროს ბურთზე“ სულ სხვანაირი, გაცილებით დადებითი წარმოდგენა ჰქონდა.