„ერლინგი კრიშტიანუს ამით აღემატება“ - სიტის დირექტორის კომენტარი
„მანჩესტერ სიტის“ გენერალურ დირექტორს ერთი ტრადიცია აქვს - ფერან სორიანო ყოველი სეზონის დაწყების წინ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტს ხვდება და სამომავლო გეგმებზე საუბრის გარდა, მათი გუნდის თითოეულ მოთამაშეს ახასიათებს. ამჯერადაც ასე მოხდა და როდესაც სორიანოს აზრის გამოთქმა ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით სთხოვეს, მან მოულოდნელად ნორვეგიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუსთან შედარება მოახდინა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„იცით რა განსხვავებაა ჰოლანდსა და რონალდუს შორის? თუ კრიშტიანუს პარტნიორებს გააქვთ გოლი, ის ამას არ აღნიშნავს, რადგან პორტუგალიელი ფიქრობს: „ამის გატანა მეც შემეძლო“. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ის ცუდი ადამიანია, უბრალოდ მას ასეთი მენტალიტეტი აქვს. რაც შეეხება ერლინგს, უამრავი გოლი გააქვს, მაგრამ ასევე ძალიან უხარია თანაგუნდელების თავის გამოჩენა და წარმატებას მათ გარემოცვაში გულწრფელად აღნიშნავს, რაც ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს“.
ასეთი კომენტარის გაკეთება ფერან სორიანოს მხრიდან ძალიან ბევრმა მის წარსულსა და საფეხბურთო გემოვნებას მიაწერა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ მისვლამდე ფუნქციონერის ამპლუაში ის „ბარსელონაშიც“ მუშაობდა და ამდენად გასაკვირი არ არის, თუ კრიშტიანუს მიმართ სიმპათიებით არ იქნება განწყობილი.