შახტარისა და პაოკის ნულოვანი ფრეები | მექვაბიშვილის კრაიოვამ ტრნავა გაანადგურა
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუკა გუგეშაშვილის „პაოკის“ მეტოქე „ვოლფსბერგერია“, ხოლო ირაკლი აზაროვის „შახტარი“ „პანათინაიკოსს“ ხვდება. „პაოკმა“ პირველი მატჩი საკუთარ კედლებში გამართა, „შახტარმა“ - სტუმრად.
ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით დასრულდა და გოლი არსად გასულა - 0:0. აზაროვი სათადარიგოთა სკამზე იყო და სათამაშო დრო არ მიეცა. იგივე ვითარება გვაქვს გუგეშაშვილთან მიმართებით და ბერძენთა კარი მშრალად ირჟი პავლენკამ შეინახა.
გადავიდეთ კონფერენს ლიგაზე, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას“ მეტოქე გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავა“ გახლავთ და რუმინელებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 3:0.
მექვაბიშვილმა და მოისწრაფიშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს. გიორგი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, მექვაბიშვილი კი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. მცირე დროში მათ ბევრი ვერაფერი მოასწრეს. ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები ერთ კვირაში გაიმართება.