მადრიდის რეალი, ტიაგო პიტარჩი
Aa
Aa

ვარსკვლავის დაბადება? ტიაგო პიტარჩი - რეალის ახალი იმედი

მას შემდეგ, რაც ალვარო არბელოამ „რეალი“ ჩაიბარა, ჩაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდებს მნიშვნელოვან როლს მიანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, არბელოამ, რომელიც თავადაც აკადემიაში მუშაობდა, ნდობა გამოუცხადა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც პირველი გუნდის დახმარება შეუძლიათ.

და ამ დრომდე ის თავის სიტყვას ამართლებს. არბელოა აქტიურად აძლევს დებიუტის შანსს აკადემიის მოთამაშეებს და არ ერიდება მათ გამოყენებას არა მხოლოდ როტაციაში, არამედ მნიშვნელოვან როლებშიც.

ასეთ შემთხვევად ითვლება 18 წლის ტიაგო პიტარჩიც. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ცენტრალურ ზონაში შექმნილი ტრავმების ფონზე მიიღო შანსი, თუმცა ამ შესაძლებლობით სრულად ისარგებლა და მოედანზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

პიტარჩმა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელსაც კი გადაასწრო კონკურენციაში და გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა — გახდა „რეალის “ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მაგრამ ვინ არის ტიაგო პიტარჩი? და აქვს თუ არა მას რეალური შანსი, რომ პირველ გუნდში დამკვიდრდეს?

საიდან დაიწყო ყველაფერი?

ტიაგო პიტარჩი მადრიდის გარეუბანში — ფუენლაბრადაში დაიბადა. მას მაროკოელი მამა და ესპანელი დედა ჰყავს. ფეხბურთი მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და ძალიან პატარა ასაკიდანვე გამოირჩეოდა ნიჭით.

პარადოქსულად, კარიერა „არასწორი“ მხრიდან დაიწყო — მადრიდის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეში. პიტარჩი თავდაპირველად „ატლეტიკოს“ აკადემიაში იზრდებოდა, რაც „რეალის“ გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით თვალში საცემია.

თუმცა 11 წლის ასაკში „ატლეტიკო“ დატოვა  და კარიერა სხვადასხვა კლუბში გააგრძელა. ოთხი წელი „ხეტაფეში“ გაატარა, შემდეგ კი ერთი სეზონი „ლეგანესში“. საბოლოოდ, 2023 წელს, უკვე 16 წლის ასაკში, „რეალის“ აკადემიაში მოხვდა — ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დედაქალაქში საკუთარი გზა შრომით გაიკვლია.

აღსანიშნავია, რომ მისი ასაკობრივი ჯგუფი განსაკუთრებული ტალანტით არ გამოირჩეოდა. ჩვეულებრივ, „რეალი“ ახალგაზრდებს პირველ გუნდში მარტივად არ უშვებს, თუმცა პიტარჩი ამ ჯგუფში მაინც გამოირჩეოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი არსებობდა შთაბეჭდილება, რომ ის შესაძლოა კიდევ ერთი აკადემიის ფეხბურთელი ყოფილიყო, რომელიც მომავალში იჯარით წავიდოდა და საშუალო დონის ლა ლიგის კლუბში დამკვიდრდებოდა.

დიდი შანსი

თუმცა ყველაფერი ასე არ დასრულებულა. ჩაბი ალონსომ, რომელიც ახალგაზრდების ინტეგრაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, პიტარჩის პირველად 2025 წლის ზაფხულში დააკვირდა.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „ბლანკოსისთვის“ რთული პერიოდი დადგა — გუნდს ცოტა დრო ჰქონდა ახალ, უფრო კომპლექსურ სისტემასთან შეგუებისთვის, რომელსაც ალონსო იყენებდა. მიუხედავად ამისა, პიტარჩმა პრესეზონში სათამაშო დრო მიიღო და სეზონის დასაწყისში რეგულარულად ხვდებოდა განაცხადში, თუნდაც მოედანზე გამოსვლის შანსი იშვიათად ჰქონოდა.

ამასთან ერთად, ის მაღალ დონეზე მაინც თამაშობდა — ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახა და გუნდის ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი იყო მეოთხედფინალამდე, სადაც კოლუმბიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

მისი დიდი შანსი, გარკვეულწილად მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგაზე გაჩნდა. „რეალი“ „ბენფიკასთან“ პლეი-ოფის მატჩში მინიმალურ უპირატესობას ინარჩუნებდა, როდესაც არბელოამ 18 წლის პიტარჩი მოედანზე შეიყვანა, რათა თამაში ბოლომდე დაეჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ 10 წუთის განმავლობაში ბურთს რამდენჯერმე შეეხო, მან საკუთარი საქმე ძალიან კარგად შეასრულა და გუნდმაც 1:0 მოიგო.

მატჩის შემდეგ პიტარჩმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობდი გუშინ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინე. ის ბიჭი, რომელიც ყოველ ღამე იძინებდა და ოცნებობდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშზე...

„რეალში“ დებიუტი, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე და ტრიბუნაზე მშობლების ემოციების დანახვა — ეს დაუჯერებელია. და როცა ეს ყველაფერი ხდება ისეთ სტადიონზე, რომელსაც ასეთი დიდი ისტორია აქვს, ეს განსაკუთრებულია.“

ამის შემდეგ მან კიდევ 10 წუთი მიიღო ერთი კვირის შემდეგაც, სადაც თითქმის ყველა პასი ზუსტად შეასრულა და დიდი სამუშაო გასწია, „ბერნაბეუზე“ 2:1 გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

რა ხდება ახლა?

ალვარო არბელოამ პიტარჩის თამაში განსაკუთრებით შეაქო — მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი სწრაფი პროგრესი ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

„ვხვდები, რატომ უკვირს ხალხს მისი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი, მაგრამ ის თამაშობს იმიტომ, რომ მას სრულად ვენდობი და ვიცი, რომ იმ საქმეს გააკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს. ტიაგო აუცილებლად მიიღებს კიდევ შანსებს პირველ გუნდში. ასეთი ფეხბურთელის ყოლა სიამოვნებაა,“

— განაცხადა არბელოამ.

ამის შემდეგ „რეალში“ ბევრი რამ შეიცვალა — ზოგი ფეხბურთელი მოვიდა, ზოგი წავიდა — თუმცა პიტარჩმა თავისი ადგილი შეინარჩუნა. ჯუდ ბელინგემის არყოფნისა და დანი სებალიოსის ფიზიკური პრობლემების ფონზე, მადრიდელებმა სწორედ პიტარჩს მიანდეს ცენტრალური ნახევარდაცვის მართვა.

მან ზედიზედ ხუთი მატჩი დაიწყო ძირითადში და ძალიან სწრაფად გახდა არბელოას გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მეტიც, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი გამოცდილ ედუარდო კამავინგასაც კი „წაართვა“.

მისი საუკეთესო მატჩები, უდავოდ, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ იყო, სადაც ორივე შეხვედრაში ცენტრში დომინანტური თამაში აჩვენა და „რეალს“ მერვედფინალში დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა.

მატჩის შემდეგ პიტარჩმა ხუმრობით აღნიშნა:

„ეს სწორედ ის თამაშია, რომელსაც ყოველთვის ვირჩევ FIFA-ში სათამაშოდ.“

ძლიერი მხარეები

ტიაგო პიტარჩმა კარიერა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო და ეს აშკარად ჩანს მის თამაშშიც. განსაკუთრებით თვალშისაცემია მისი სიმშვიდე ბურთთან — ძალიან იშვიათია, რომ ასეთ ასაკში ფეხბურთელი მაღალი წნეხის პირობებში ასე ეფექტურად იღებდეს და ანაწილებდეს ბურთს.

ეს განსაკუთრებით გამოჩნდა „მანჩესტერ სიტისთან“ პირველ მატჩში, სადაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა — პასების 94% ზუსტად შეასრულა და გრძელი გადაცემები 100%-იანი სიზუსტით გააკეთა.

ამასთან ერთად, პიტარჩი მოედნის დიდ არეალს ფარავს. შეიძლება ელიტარული ათლეტი არ არის, მაგრამ აქვს კარგი აჩქარება და ორთაბრძოლებშიც არ უშინდება მეტოქეებს. ის ჰაერში რამდენჯერმე ებრძოლა ერლინგ ჰოლანდსაც კი, ხოლო ერთ ეპიზოდში ჯარიმის ზღვარზე მყოფი დოკუ ფეხებში ვარდნით ეფექტურად შეაჩერა.

ასევე კარგად მუშაობს პოზიციურად — განსაკუთრებით მაშინ, როცა მარჯვენა მცველი (ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი) შეტევაში ერთვება. ასეთ დროს პიტარჩი სივრცეებს სწორად ავსებს და დაცვას ბალანსს უნარჩუნებს.

გასაუმჯობესებელი მხარეები

როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, ტიაგო პიტარჩსაც აქვს ასპექტები, რომლებზეც მუშაობა სჭირდება. პირველ რიგში, ფიზიკური ძალაა — ის მხოლოდ 175 სმ სიმაღლისაა და ზოგ ეპიზოდში მეტოქეები მას ბურთს ადვილად ართმევენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დროულად ვერ ასწრებს პასის გაკეთებას.

ლა ლიგაში ეს შესაძლოა ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე, ფიზიკურად უფრო ძლიერ გუნდებთან, ეს სისუსტე მეტად გამოიკვეთება — განსაკუთრებით ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც „ბაიერნია“, რომელსაც „რეალი“ შემდეგ ეტაპზე შეხვდება.

ასევე გასაუმჯობესებელია პოზიციური თამაში. ენერგია და მონდომება მის უდავო პლუსებს შორისაა, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად აქტიურიც არის. არის მომენტები, როცა გუნდს მეტი სტრუქტურა და დისციპლინა სჭირდება, ხოლო პიტარჩი ასეთ დროს პოზიციას ტოვებს.

თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ინდივიდუალური ორთაბრძოლები დიდ როლს თამაშობს, მისთვის მნიშვნელოვანია უკეთესად ისწავლოს პოზიციის შენარჩუნება და თამაშის ტემპის სწორად მართვა.

რა ელის მომავალში

პიტარჩის უახლოესი გამოწვევა მისი სანაკრებო მომავალია. მას შეუძლია როგორც ესპანეთის, ისე მაროკოს ნაკრების არჩევა და ორივე მხარე აქტიურად ცდილობს მის გადაბირებას. ბოლო წლებში მსგავსი არჩევანი სხვა ფეხბურთელებსაც გაუკეთებიათ — ბრაჰიმ დიასმა მაროკო აირჩია, ხოლო ლამინე იამალმა ესპანეთი. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს ინფორმაციით, პიტარჩის „ლა როხას“ წარმომადგენლობა სურს.

თუმცა ამ ეტაპზე მისი მთავარი ფოკუსი კლუბში ადგილის შენარჩუნებაა. მომდევნო თვეები მისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ჯუდ ბელინგემი სრულ ფორმასთან ახლოსაა და ნახევარდაცვაში შეუცვლელი ფიგურაა, ხოლო არბელოა ხშირად არდა გიულერსაც იყენებს.

ამ ფონზე, ოთხკაციან ნახევარდაცვაში ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ პიტარჩზე მოდის და არსებობს შანსი, რომ ძირითადიდან სწორედ ის „დაზარალდეს“. ეს გარკვეულწილად უსამართლოც იქნებოდა, მისი ამჟამინდელი თამაშის დონის გათვალისწინებით.

თუმცა „რეალს“ ორი ფრონტზე უწევს ბრძოლა — როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ლა ლიგაში. ასეთ პირობებში არბელოას სკამის რესურსიც სჭირდება. თუნდაც შედარებით მცირე როლი ჰქონდეს, პიტარჩს დრო და შესაძლებლობა მაინც ექნება, რომ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინოს და თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს.

მსგავსი სიახლეები