ატლეტიკო, ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს 3 ქულა“ - არბელოა ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის რეალი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

დერბიზე:

„ამ მატჩს დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ვხვდებით. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამი ქულა — როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რაც შეიძლება ფეხბურთელმა, მწვრთნელმა ან ფანმა განიცადოს. ველოდებით სავსე ბერნაბეუს და ძალიან ძლიერ მეტოქეს. მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით.“

კურტუას ტრავმაზე:

„ყოველ ჯერზე, როცა ფეხბურთელი მოედანზე გადის, გარკვეული რისკი არსებობს. ძალიან ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომელიც ტკივილის ან დისკომფორტის გარეშე თამაშობს. შესვენებისას მას სურდა გაგრძელება, მაგრამ მე მისი შეცვლა გადავწყვიტე, რადგან სრულად ვენდობი ლუნინს. ეს მისთვისაც დიდი შანსია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ტრავმირებულია, მაგრამ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი შესანიშნავი მეკარე, რომელიც თავის შესაძლებლობებს დაამტკიცებს. დაბრუნების ვადები ჯერ არ დაგვიდგენია.“

მბაპეს მუხლზე:

„როგორც უკვე ვთქვი, როცა ის დაბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ 100%-ით მზად იქნება. ეს მან მანჩესტერშიც დაამტკიცა. სრული ნდობა მაქვს მის მიმართ და მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი ისევ ჩვენს გვერდითაა. ხვალ აუცილებლად ითამაშებს და არანაირი პრობლემა არ არის, რომ შემდეგ ნაკრებს შეუერთდეს.“

ტიაგო, ბელინგემი და ძირითადი შემადგენლობა:

„როცა ამ საკითხამდე მივალთ, მაშინ გადავწყვეტთ. ბელინგემის დაბრუნება შესანიშნავი ამბავია, ისევე როგორც ტიაგოს კარგი ფორმა. მწვრთნელისთვის საუკეთესო პრობლემაა, როცა არჩევანი ძლიერ ფეხბურთელებს შორის უნდა გააკეთოს — მით უმეტეს, როცა მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ.“

რუდიგერის კონტრაქტზე:

„ასეთ საკითხებში ჩარევა არ მიყვარს — ეს კლუბისა და ფეხბურთელის საქმეა. პირადად მე კი რუდიგერს ქანდაკებას დავუდგამდი. პირველი დღიდან სრულად მზად იყო გუნდისთვის. მითხრა, რომ მარტისთვის სრულ ფორმაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ლონდონში ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ის მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ძალიან გაგვიმართლა, რომ ანტონიო რუდიგერი გვყავს.“

მბაპესა და ბელინგემის ნაკრებში წასვლაზე:

„ეს სრულიად ნორმალურია. მბაპე ხვალ ითამაშებს და არანაირი პრობლემა არ არის, რომ საფრანგეთის ნაკრებს შეუერთდეს. იგივე ეხება ბელინგემსაც — ის მზადაა და ხვალ მოედანზე იქნება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, ისინი პროფესიონალები არიან და იციან, რას აკეთებენ.“ 

სიმეონეზე:

„მისი სიტყვები მშვენივრად ჟღერს. მე ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. მასთან დაპირისპირება პრივილეგიაა — ის ისეთი მწვრთნელია, რომელიც მაქსიმუმს ითხოვს. საუკეთესო მწვრთნელებთან თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება ატლეტიკომ 5:2 მოიგო. რეალისა და ატლეტიკოს მორიგი დაპირისპირება 22 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები