„მზად ვარ ჰუკერს ვეჩხუბო, თუ შემდეგი ჩხუბი სატიტულო იქნება“ - ცარუკიანი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ილია თოფურიასთან პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
რა თქვა „ახალქალაქელმა“:
„UFC-მ იცის, რომ მზად ვიქნები სექტემბერში ან ოქტომბერში ჩხუბისთვის. კარგ ფორმაში ვარ და დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. თუ მეტყვიან, რომ ოქტომბერში ვინმეს უნდა ვეჩხუბო, დეკემბერში კი თოფურიასთან სატიტულო ჩხუბი მექნება, დავთანხმდები.
დენ ჰუკერმა არაერთხელ გამომიწვია და თუ პირდაპირ სატიტულო შანსი არ მომცეს, მზად ვარ, ჰუკერს ვეჩხუბო. თუმცა ჩემი მიზანი სატიტულო ჩხუბია, ამას ძალიან დიდი ხანი ველოდი და ნამდვილად დავიმსახურე. შესაძლოა, ჩეილ სონენმა რაღაც იცის [სონენის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ თოფურია ტიტულს სწორედ ცარუკიანთან ჩხუბში დაიცავს], მაგრამ UFC-ის ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამს.
რას დავუპირისპირებ თოფურიას? რა თქმა უნდა, მასთან დგომში ჩხუბს არ ვაპირებ. ილია შესანიშნავი მოკრივეა, რატომ უნდა ვეჩხუბო დგომში? აქცენტს ფეხებით დარტყმებზე გავაკეთებ, პარტერში გადავიყვან და დავღლი. თოფურიას მხოლოდ ერთი ძლიერი მხარე აქვს - კრივი. ამიტომ დისტანციას შევინარჩუნებ, განსაკუთრებით პირველ რაუნდებში“.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერია და მას მხოლოდ ექსჩემპიონი ისლამ მახაჩევი უსწრებს, რომელმაც წონითი დივიზიონი შეიცვალა და რამდენიმე თვეში ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
რაც შეეხება ცარუკიანს, მას იანვარში ქამრისთვის სწორედ ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა სომეხმა მებრძოლმა ზურგის ტრავმის გამო წონის კლების პროცესი ვერ დაასრულა და ის ბრაზილიელმა რენატო მოიკანომ ჩაანაცვლა.