მიმდინარე სეზონში პირველად | კაკაბაძე ტურის სიმბოლურში მოხვდა
პოლონეთის ჩემპიონატის, ექსტრაკლასას მესამე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „ლეხიას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 91-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, რომლის შემდეგაც ანგარიში 2:2 გახდა.
ცნობილ სტატისტიკურ სააგენტოს, Sofascore-ს კაკაბაძის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია და ოთარი მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი მცველი ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის, მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა.
„ლეხიასთან“ მატჩში კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა. ოთარი ბურთს 69-ჯერ შეეხო, 35-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 2 საკვანძო პასი ჰქონდა, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), 19-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო და სამიდან ორი წარმატებული დრიბლინგი მიითვალა. Sofascore-მა მისი თამაში 8.4 ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, „კრაკოვიამ“ სეზონი კარგად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს. კაკაბაძის გუნდი მესამე პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ „ვისლასა“ და „რადომიაკს“ ჩამორჩება.