იბერია 1999-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება | გია გეგუჩაძე დაბრუნდა
Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონს, „იბერია 1999“-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. Geo Team-ის ინფორმაციით, ევროტურნირების მატჩების კრახით დასრულების შემდეგ ლევან კორღალიძემ გუნდის თავკაცის პოსტი დატოვა.
„იბერია 1999“-ის ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება. ეს ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა. როგორც ირკვევა, გეგუჩაძე მზადებას უკვე შეუდგა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
ცნობისთვის, გეგუჩაძე სხვადასხვა პერიოდში „დინამო თბილისს“, „ზესტაფონს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმს“ წვრთნიდა. გეგუჩაძე საქართველოს ორგზის ჩემპიონია და ერთხელ საქართველოს თასიც აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-მა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოს“ ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც კონფერენს ლიგაზე გადავიდა და „ლევადიასთან“ წააგო.