„ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი მოურინიოა“ - უესლი სნეიდერი
ნიდერლანდების ნაკრების ექსფეხბურთელმა, უესლი სნეიდერმა ჟოზე მოურინიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
„ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. ის, რაც ინტერთან ერთად 2010 წელს გავაკეთეთ, ისტორიული მიღწევა იყო. მოურინიომ დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ის უბრალოდ მწვრთნელი კი არაა, არამედ ნამდვილი ლიდერი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ“.
სნეიდერმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ მოიგო 2010 წელს „ოქროს ბურთი“.
„სამწუხაროა, რომ ეს ჯილდო ვერ მოვიგე. გამორჩეული სეზონი მქონდა: ჩემპიონთა ლიგა, ორი ტიტული იტალიაში და მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან. ვგრძნობდი, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მოიგო, რომელიც მართლაც დიდებული ფეხბურთელია. თუმცა, როდესაც ხალხი იხსენებს ჩემს თამაშს და ამბობს, რომ ამ ჯილდოს ვიმსახურებდი, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ხანდახან მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად პოპულარული ხარ ან რომელ კლუბს წარმოადგენ. 2013 წელს“ოქროს ბურთს“ ფრანკ რიბერი იმსახურებდა [კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო], 2020 წელს კი რობერტ ლევანდოვსკი [პანდემიის გამო ჯილდო არავის გადაეცა], თუმცა ჯილდო არც მათ მიუღიათ“.
ცნობისთვის, 2010 წელს „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოსავლენად ფიფას მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში სნეიდერმა ხმათა 14.48% მიიღო და მე-4 ადგილზე გავიდა. მას გაუსწრეს ჩავი ერნანდესმა (16.48%) და ანდრეს ინიესტამ (17.36%), ხოლო გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა (22.65%).