UFC-მ ქვემძიმე და მძიმე წონების საჩემპიონო ჩხუბები დააანონსა
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა სოციალურ ქსელებში სუპერმსუბუქი, ქვემძიმე და მძიმე წონების საჩემპიონო ჩხუბები დააანონსა.
სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენთან დაიცავს - ეს ჩხუბი 4 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება და UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. მთავარი მოვლენა კი ქვემძიმე წონის საჩემპიონო ჩხუბია, რომელშიც ტიტულს პირველად მაგომედ ანკალაევი დაიცავს.
მისი მეტოქე სწორედ ალექს პერეირა იქნება, რომელთან ჩხუბშიც ანკალაევმა ტიტულის მოპოვება შეძლო. ანკალაევი-პერეირას პირველი დაპირისპირება 8 მარტს შედგა, ახლა კი 4 ოქტომბერს გულშემატკივრებს რემატჩი ელის.
რაც შეეხება UFC 321-ს, რომელიც 25 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება, ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა მძიმე წონის ჩემპიონს გამოავლენს. აბსოლუტური ჩემპიონის რანგში პირველ ბრძოლას გამართავს ტომ ასპინალი, რომელიც მანამდე დროებითი ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, ჯონ ჯონსის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ კი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ასპინალის მეტოქე რეიტინგის პირველი ნომერი, ფრანგი სირილ განი იქნება.