„ფავორიტი არ არსებობს, ორივე გუნდს რთული მატჩი ელოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ხვიჩა კვარაცხელია და კომპანია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ ხვდებიან და ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ფავორიტის სტატუსი
„ფავორიტის სტატუსს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე, ასეთ დონეზე, შეუძლებელია, ფავორიტი არსებობდეს. არ მგონია, ფავორიტები ვიყოთ. გასული სეზონი თუ გახსოვთ, ყველა ამბობდა, რომ ფავორიტი „ლივერპული“ იყო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ გავიდა. ასე რომ, პირადად ჩემთვის ფავორიტი არ არსებობს.“
დაპირისპირება „ლივერპულთან“ გასულ სეზონში
„პირველ შეხვედრაში ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და, მიუხედავად ამისა, მაინც დავმარცხდით, რაც კარგად აღწერს, ფეხბურთი როგორი სპორტია. ბედნიერი ვიქნები, თუ ხვალაც იმავე დონეს ვაჩვენებთ, ოღონდ განსხვავებული შედეგი გვექნება. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და რომელ სტადიონზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. გვინდა, ხვალ „პარკ დე პრენსით“ ვისიამოვნოთ, რადგან სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება.“
როგორ თამაშს ელოდება „ლივერპულისგან“ და რა იქნება გადამწყვეტი
„არ ვიცი. ყველაფერი ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება, გასული სეზონის სცენარი განმეორდეს. მატჩის მიმდინარეობა ანგარიშისა და სხვა ფაქტორების გამო იცვლება და ვნახოთ, რა მოხდება. პირველ შეხვედრაში შევეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და ვიცით, რა რთული თამაში გველოდება. „ლივერპული“ კარგი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებას 8 აპრილს ვიხილავთ და შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.