„შანსი, რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ალისონი ჩაანაცვლოს“ | Liverpool Echo მამარდაზე წერს
Liverpool Echo-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. იან დოილმა განსაკუთრებული აქცენტი „წითლების“ ორ ფეხბურთელზე, გიორგი მამარდაშვილსა და იბრაჰიმა კონატეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პარიზში გასამართი მატჩი ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ალისონ ბეკერის ტრავმებისა და ასაკის მატების ფონზე, საინტერესო იქნება იმის ნახვა, გაგრძელდება თუ არა მისი ლივერპულული კარიერა მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. მანამდე კი დღევანდელი მატჩი გიორგი მამარდაშვილისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია, ბრაზილიელის გრძელვადიანი შემცვლელი იყოს.
ქართველ მეკარეს სადებიუტო სეზონში, ალბათ, უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ლივერპულის ბოლო 10 მატჩიდან 5-ში ითამაშა. მამარდაშვილს უკვე აქვს დიდ შეხვედრებში თამაშის გამოცდილება, რომელიც ვალენსიაში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიღო, ამიტომაც არ შეუშინდება ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ასპარეზობის პერსპექტივას, როგორებიც უსმან დემბელე, დეზირე დუე და სხვები არიან. ასევე, ის ძალიან კარგად იცნობს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელთან ერთადაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს.
გასულ სეზონში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ალისონს პარი სენ-ჟერმენთან გამართულ გასვლით შეხვედრაში ბევრჯერ მოუწია თამაშში ჩართვა, იბრაჰიმა კონატეს ცუდი გამოსვლა და ცენტრალური ნახევარდაცვისგან დაზღვევის ნაკლებობა გახლდათ. კონატესა და მამარდაშვილს გადამწყვეტი როლი აქვთ იმაში, რომ ლივერპული განმეორებით მატჩს მხოლოდ ბოლო ჩავარდნების გამოსასწორებლად კი არა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსითაც შეხვდეს,“ — წერს ლივერპულული გამოცემა.
ცნობისთვის, სტატისტიკური სააგენტო Opta ფავორიტად „პარი სენ-ჟერმენს“ მოიაზრებს. ცნობილი სააგენტო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს მომდევნო ეტაპზე გასვლის 59-პროცენტიან შანსს აძლევს.