The Athletic: ჩელსი და €2.3 მილიარდი - აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დაპირისპირებისთვის ემზადება
რომან აბრამოვიჩი გაერთიანებული სამეფოს მთავრობისთვის წინააღმდეგობის გაწევას გეგმავს. ის აპირებს გამოიყენოს ახალი საქველმოქმედო ფონდი იმისათვის, რათა „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული და გაყინული 2.35 მილიარდი ფუნტის ირგვლივ შექმნილი ჩიხური სიტუაცია დაასრულოს.
The Athletic-ის ცნობით, ახალი ფონდი, რომელიც საქველმოქმედო კომისიაში უნდა დარეგისტრირდეს და რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს, მიზნად ისახავს აბრამოვიჩის განზრახვის ასახვას: თანხა მოხმარდეს გლობალურ მიზნებს (ყველა დაზარალებულ მხარეს), ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლოს.
ეს ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ხარჯვასთან დაკავშირებით. მთავრობა დიდი ხანია აცხადებს, რომ 2.35 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (მიმდინარე კურსით 3.12 მილიარდი დოლარი) გაყინული დარჩება, სანამ რუსი მილიარდერი არ დათანხმდება მის მხოლოდ უკრაინაში დახარჯვას.
ბრიტანეთის მთავრობამ, რომელსაც მაშინ კონსერვატიული პარტიის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ედგა სათავეში, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აბრამოვიჩი აიძულა, „ჩელსი“ გაეყიდა. მას ასევე დაუწესეს სანქციები და აქტივები გაუყინეს.
კონსორციუმმა „Blue-Co“, რომელსაც ტოდ ბოელი და „Clearlake Capital“ ხელმძღვანელობენ, კლუბი 2022 წლის მაისში იყიდა, მაგრამ აბრამოვიჩის მიერ კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხა გაყინული დარჩა. დეკემბერში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აბრამოვიჩს სამართლებრივი ზომებით დაემუქრა, თუკი რუსი მილიარდერი მთავრობის პირობებს არ დათანხმდება, და დასძინა, რომ „დრო იწურება“.
თუმცა, აბრამოვიჩის წარმომადგენლები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ თანხის მხოლოდ უკრაინაში დახარჯვა შეთანხმების ნაწილი არასდროს ყოფილა. ახლა ისინი ჩიხიდან გამოსვლას მთავრობის ნებართვის გარეშე, ახალი ფონდის გამოყენებით ცდილობენ.
„ჩვენი ინფორმაციით, ფონდი ამჟამად რეგისტრაციის პროცესშია, რასაც მივესალმებით“, - განუცხადა აბრამოვიჩის წარმომადგენელმა The Athletic-ს. „ბატონი აბრამოვიჩი ინარჩუნებს განზრახვას, შესაბამისი სამართლებრივი დაბრკოლებების მოგვარების შემდეგ, თანხები ჰუმანიტარული მიზნებისთვის გაიღოს“.
განაცხადი ახალი ფონდისთვის, რომელსაც სავარაუდოდ „კონფლიქტის მსხვერპლთა ფონდი“ (Foundation for Victims of Conflict) დაერქმევა, ამ კვირაში უნდა წარადგინონ.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ვამზადებ განაცხადს საქველმოქმედო კომისიაში, რათა დარეგისტრირდეს ახალი ფონდი, რომელიც მიეძღვნება მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტის მსხვერპლთა მხარდაჭერას“,
- აღნიშნა პენროუზმა განცხადებაში.
The Athletic მანამდე იტყობინებოდა, თუ როგორ აცნობა აბრამოვიჩის იურიდიულმა გუნდმა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა „მთლიანად“ მას ეკუთვნის და იგი შეეწინააღმდეგებოდა მისი კონფისკაციის ნებისმიერ მცდელობას.
მიმოწერაში, რომელიც The Athletic-მა მოიპოვა, „ჩელსის“ ყოფილი მფლობელის იურისტები ასევე აცხადებდნენ, რომ „ბრიტანეთის მთავრობა, როგორც ჩანს, შეთავაზებულ შემოწირულობას ბატონი აბრამოვიჩის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ზომად განიხილავს“.