ალვარო არბელოა, ვენსან კომპანი
Aa
Aa

„თუ ვინმეს შეუძლია მიუნხენში გამარჯვება, ეს რეალია“ | კომპანისა და არბელოას კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბაიერნთან“ დამარცხდა. „რეკორდმაისტერმა“ 2:1 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა აქვს. თამაშის შემდეგ კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს და თავიანთი გუნდების თამაში შეაფასეს.

ალვარო არბელოა

„ოდნავ რომ გაგვმართლებოდა, ამ მარცხს თავიდან ავირიდებდით. ბურთი დავკარგეთ სიტუაციებში, რომლებშიც შეგვეძლო, ეს არ გაგვეკეთებინა და ასეთი გუნდის წინააღმდეგ მსგავსი შეცდომები ძვირად გიჯდება. თუ რომელიმე კლუბს შეუძლია მიუნხენში გამარჯვება, ეს რეალია. ჩვენ მადრიდის რეალი ვართ! ვიცით, რა რთული იქნება მოგება, მაგრამ გერმანიაში სწორედ ამ მიზნით ჩავალთ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მანუელ ნოიერი გახდა. ეს ადასტურებს, რომ შეგვიძლია, ბაიერნს გოლები გავუტანოთ და პრობლემები შევუქმნათ. უამრავი მომენტი გვქონდა და იმედი არ დაგვიკარგავს. რეალს მსოფლიოს ნებისმიერ სტადიონზე შეუძლია გამარჯვება. ვისაც ჩვენი არ სჯერა, შეუძლია მადრიდში დარჩეს, ჩვენ გერმანიაში მოსაგებად ჩავდივართ.

ჩუამენის დისკვალიფიკაცია სერიოზული დანაკლისია. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, მბაპეზე აღებული ჯარიმის გამო ჯონათან ტა რატომ არ გააძევეს. ასევე არ მესმის, ჩუამენის ყვითელი ბარათი რატომ უჩვენეს.“

ვენსან კომპანი

„გასახდელში ყველანი მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად განმეორებითი მატჩის კარგად ჩატარებაა საჭირო. თუმცა მინდა, ბიჭებმა იცოდნენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმარჯვეს, რაც ნამდვილად განსაკუთრებული მომენტია. მადრიდში მოგება ადასტურებს, რომ შეგიძლია, რაღაც განსაკუთრებულს მიაღწიო, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია.

მთელი მატჩის განმავლობაში იყო შეგრძნება, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა, სცენარი მთლიანად შეცვლილიყო. ბაიერნს უფრო მეტი და უკეთესი მომენტები ჰქონდა, მაგრამ რეალს საოცარი ფეხბურთელები ჰყავს. საჭირო იყო, დაცვაში მაღალ დონეზე გვეთამაშა და ნოიერს რამდენიმე საოცარი მოგერიება ჰქონდა. ვუყურებ ჩვენს მომენტებს და ვთვლი, რომ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვიძლია. საშინაო არენაზე სწორედ ამას შევეცდებით.“

ცნობისთვის, „ბაიერნის“ მხრიდან გოლები ჰარი კეინმა და ლუის დიასმა გაიტანეს, „რეალის“ რიგებში კი კილიან მბაპე გამოირჩა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი მანუელ ნოიერი გახდა, რომელმაც 9 სეივი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო შოუ შედგა | ბაიერნმა რეალს ბერნაბეუზე მოუგო და ნოიერი MVP გახდა
საფეხბურთო შოუ შედგა | ბაიერნმა რეალს ბერნაბეუზე მოუგო და ნოიერი MVP გახდა