„დრიკუსი მეოთხე, ან მეხუთე რაუნდში დაასრულებს“ - ადესანიას ჩიმაევის არ სჯერა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრამდე თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი - დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი მოქმედ ჩემპიონ დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდება და სამხრეთ აფრიკელისთვის საჩემპიონო ქამრის წართმევას შეეცდება. მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება და პროგნოზი ვრცელდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური კი ისრაელ ადესანიას შეფასებაა, რომელიც ამ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და როგორც ერთი, ასევე მეორე მებრძოლის შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი კარგად იცის.
ისრაელ ადესანია
თავიდანვე ასე ვფიქრობდი და ახლაც იგივე აზრზე ვრჩები - დუ პლესი ჩიმაევს უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე აჯობებს და მეოთხე, ან მეხუთე რაუნდში დააფინიშებს. ჩეჩენის ერთადერთი შანსია პირველივე რაუნდში დაანოკაუტოს, ან დაასაბმიშენოს დრიკუსი, თუმცა ამის გაკეთება მისთვის ურთულესი საქმე იქნება.
ცნობისათვის, დუ პლესი-ჩიმაევის საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩიკაგოში გაიმართება და თბილისის დროით, 18 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყება. რაც შეეხება ადესანიას, ნიგერიელი ოქტაგონში ბოლოს რამდენიმე თვის წინ შევიდა და ნასურდინ იმავოვმა ნოკაუტში გაგზავნა.