„გენეტიკური მონსტრია, არ იღლება“ - დილაშოუ დვალიშვილზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ექსჩეპმიონმა, თი ჯეი დილაშოუმ პოდკასტ Overdogs-ის ეთერში ამავე წონის მოქმედ ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
„მერაბი ამ დივიზიონისთვის ნამდვილი პრობლემაა - ის გენეტიკური მონსტრია, რომელიც უბრალოდ არ იღლება. მასთან არასოდეს მისპარინგია, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მას კარგი კარდიო აქვს, ამასთანავე, არასოდეს იგდებს თავს საფრთხეში და არ შედის ოქტაგონის ცენტრში.
არიან მებრძოლები, რომლებსაც მერაბისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ეს უნდა გვენახა უმართან ჩხუბში, მაგრამ უმარმა ვერ გათვალა, რამდენად ძლიერი კარდიო დასჭირდებოდა მერაბთან საჩხუბრად. ვფიქრობ, მერაბის დამარცხების ყველაზე კარგი შანსები უმარს აქვს.
გამიხარდება, თუ ამას სენდჰეგენი გააკეთებს - ეს ბიჭი ნამდვილი ნინძაა და წარმოუდგენელი სტრაიკინგი აქვს. მასთან 2015 წლიდან ვვარჯიშობ, როცა კორის სამოყვარულო დონეზე რამდენიმე ჩხუბი ჰქონდა გამართული. მაშინვე ვთქვი, რომ ის UFC-ში უნდა ჩხუბობდეს. მერაბთან ჩხუბში კორის მუდმივი მოძრაობა და დისტანციის დაცვა სჭირდება. ის მერაბს გვერდებიდან უნდა მიუახლოვდეს და არ დაუდგეს წინ. კორი ნამდვილი მკვლელია და შესანიშნავი პიროვნებაა, ის ძალიან კარგი ჩემპიონი იქნებოდა“.
როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება. „მანქანისა“ და „სენდმენის“ ჩხუბი ჯერ ჩანიშნული არაა, თუმცა მერაბს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ წლის ბოლომდე კიდევ 2 ჩხუბის გამართვა სურს.