„ხვიჩას მოსვლამ საქმეები გაურთულა“ - სენ-ჟერმენი კორეელს ემშვიდობება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლამის ყველა ევროპულ საფეხბურთო გრანდში სერიოზული გადაადგილებები ხდება და გამონაკლისს არც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წარმოადგენს - „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები გაძლიერების პარალელურად, იმ ფეხბურთელების გაშვებასაც გეგმავენ, რომელთაც ლუის ენრიკე მცირე სათამაშო დროს აძლევს. მათ რიგებს მიეკუთვნება დედაქალაქური კლუბის კორეელი ლეგიონერი ლი კანგ-ინი, რომლის თაობაზეც ავტორიტეტულმა გამოცემა L’equipe-მა ასეთი რამ დაწერა:
„გასული სეზონის დასაწყისში მთავარი მწვრთნელი მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდა - ლუის ენრიკეს მოსწონდა ის ფაქტი, რომ აზიელს შეტევის ყველა პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეეძლო ასპარეზობა, თუმცა ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას მისვლამ ლი კანგ ინს საქმეები საგრძნობლად გაურთულა.
ქართველი ფეხბურთელი ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში იმდენად კარგად ჩაჯდა, რომ სამხრეთ კორეელს ლიგა 1-ის ბოლო ტურებში, მაშინაც კი როდესაც პსჟ-ის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული უკვე განაღდებული ჰქონდა, მცირე სათამაშოდ წუთები ეძლეოდა. შესაბამისად, ახლა დღის წესრიგში დგას მისი იჯარით გაშვება, ან გასხვისება და ლი კანგ ინის სანაცვლოდ პარიზელები მინიმუმ 30 მილიონ ევროს მაინც მოითხოვენ“.
ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ახლა კუთვნილ შვებულებაში არიან, ხოლო ახალ სეზონში გუნდს პირველი სერიოზული გამოცდა 13 აგვისტოს, უდინეში, „სტადიო ფრიულიზე“ ექნება, როდესაც უეფას სუპერთასზე ევროპა ლიგის ჩემპიონ ლონდონის „ტოტენჰემს“ შეხვდება.