კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში | აბუაშვილი მეცში ითამაშებს
გიორგი აბუაშვილი „მეცს“ შეუერთდება და გიორგი წიტაიშვილის მხარდამხარ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავდა, თუმცა „მეცმა“ კონკურენტებს აჯობა და „კოლხეთი 1913“-თან შეთანხმებას მიაღწია.
Geo Team-ის ინფორმაციით, აბუაშვილი ფრანგულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება და „მეცს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. მხარეებს ყველა დეტალი შეთანხმებული აქვთ და აბუაშვილი სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის.
გიორგის გადაბირება „ბრისტოლ სიტის“, „ხეტაფეს“, „ელჩეს“, „გენგამსა“ და „ესპანიოლს“ სურდათ. „გენგამი“ საქმეს სერიოზულად მიუდგა, თუმცა letelegramme-ის მიხედვით, „მეცის“ წინადადება ფინანსურად ბევრად უკეთესია და ფრანგული კლუბი ფეხბურთელმა თავად აირჩია.
შეგახსენებთ, 18 წლის ასაკში აბუაშვილი „პორტუმ'' თბილისის „დინამოდან“ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის პორტუგალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა. რუმინულ „პეტროლულში'' გატარებული მცირე დროის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთში'' ფორმა აღიდგინა.