„რომელიმე მხარეს ვერ დავიჭერ, იქ არ ვყოფილვარ“ - მოურინიო ვინისიუსზე
ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „რეალთან“ მატჩის შემდეგ ჯანლუკა პრესტიანისა და ვინისიუს ჟუნიორს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
„ვინისიუსს გოლი თავის თანაგუნდელებთან უნდა ეზეიმა, და არა 60 000 გულშემატკივრის წინაშე. ძალიან მიყვარს ვინი, ის შესანიშნავია ფეხბურთელია, მაგრამ როცა ასეთი გოლი გაგაქვს, თანაგუნდელებთან უნდა იზეიმო. მთავარი სასაუბრო თემა ამ მატჩის შემდეგ ვინისიუსის გოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი გოლი პატივისცემით უნდა აღნიშნო.
მიუკერძოებელი ვიქნები: არ მჯერა არც ვინისიუსის და არც პრესტიანის, იმიტომ რომ იქ არ ვყოფილვარ. ორივე მათგანს ვესაუბრე და სრულიად საპირისპიროს ამბობენ. პრესტიანი ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ მე არც ერთ მხარეს არ დავიჭერ. „ბენფიკას“ ყველაზე დიდი ლეგენდა ეუსებიოა, ეს კლუბი რასისტული ვერ იქნება.
ჩემი წითელი ბარათი? გავაძევეს იმის გამო, რომ ვთქვი ისეთი რამ, რაც ყველასათვის ნათელი იყო. მსაჯს ჰქონდა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ ჩუამენიმ, ჰუისენმა და კარერასმა ყვითლები არ უნდა მიიღონ, რათა საპასუხო შეხვედრა არ გამოტოვონ. სათადარიგოთა სკამზე 1400 მატჩი მაქვს ჩატარებული და ვიცი, ეს როგორ მუშაობს.
„რეალმა“ გამარჯვება დაიმსახურა. ახლა უნდა დავისვენოთ და ჩემპიონატის მატჩზე ვიფიქროთ, შემდეგ კი მადრიდის ჯერი დადგება. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სანამ არსებობს შანსი, ქულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. 0:1-ს ვაგებთ, შესანიშნავ სტადოინზე ჩავდივართ და ფანტასტიკური გუნდი დაგვიპირისპირდება. მე დისკვალიფიცირებული ვიქნები, ვერ ჩავალ გასახდელში, ვერ ვისაუბრებ გუნდთან, მაგრამ ჩემი თანაშემწეები მზად იქნებიან“.
ცნობისთვის, ვინისიუს ჟუნიორის მტკიცებით, „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ მას მაიმუნი უწოდა, თუმცა რაიმე სადისციპლინო სანქცია ამ ინციდენტს არ მოჰყოლია. 85-ე წუთზე ვინისიუსმა საკუთარ საჯარიმოსთან რიჩარდ რიოსის წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა მსაჯმა მას ყვითელი ბარათი არ უჩვენა [რომელიც ბრაზილიელისთვის მეორე იქნებოდა]. ამით უკმაყოფილო მოურინიო სათადარიგო მსაჯთან მივიდა და პრეტენზიები გამოთქვა და ყვითელი მიიღო, შემდეგ კი მთავარ მსაჯსაც მიმართა და მეორე ყვითელიც დაიმსახურა.
პრესტიანი-ვინისიუსის ინციდენტი