ვინისიუსისა და პრესტიანის ინციდენტს გამოეხმაურა | უეფას ოფიციალური განცხადება
უეფა „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის გამართული მატჩისას მომხდარ სკანდალს გამოეხმაურა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვინისიუს ჟუნიორისა და ჯანლუკა პრესტიანის ეპიზოდზე გამოძიება დაიწყო.
„ბენფიკასა და რეალს შორის გამართული მატჩის ოფიციალური მოხსენებები ამჟამად განიხილება. როდესაც საკითხი ფიქსირდება, შესაბამისი პროცედურები იწყება და თუ ისინი დისციპლინურ სანქციებამდე მივა, ინფორმაცია უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ან კომენტარი არ გვაქვს.“
ცნობისთვის, „ბენფიკასა“ და „რეალის“ მატჩის მეორე ნახევარში ვინისიუსი შეხვედრის მთავარ არბიტრთან, ფრანსუა ლეტექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა.
შეხვედრა „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით დასრულდა. მადრიდულმა გრანდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო და მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.