„ვინის მაიმუნი 5-ჯერ დაუძახა“ | მბაპეს კომენტარი რასისტულ სკანდალზე
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში „რეალმა“ „ბენფიკა“ სტუმრად დაამარცხა. „სამეფო კლუბმა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.
გოლის შემდეგ რასისტული სკანდალი მოხდა. ვინისიუსი შეხვედრის მთავარ არბიტრთან, ფრანსუა ლეტექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა.
არგენტინელმა მოთამაშემ მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა და ყველაფერი უარყო. მომხდარზე „რეალის“ ფეხბურთელებმაც ისაუბრეს. კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ პრესტიანიმ ვინისიუსს „მაიმუნი“ ხუთჯერ დაუძახა:
„გეტყვით, რა მოხდა. ვინისიუსმა გოლი გაიტანა და აღნიშნა, რასაც გულშემატკივრების სტვენა მოჰყვა. ასეთი რამ ხდება ხოლმე და ფეხბურთში ჩვეულებრივი მოვლენაა. გოლის შემდეგ „ბენფიკას“ ფეხბურთელებთან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა და მათმა 25-მა ნომერმა, რომელიც არ იმსახურებს, რომ მისი სახელი ვახსენო, შეურაცხმყოფელი საუბარი დაიწყო.
ეს მიუღებელია, მაგრამ ფეხბურთში ხდება და ყოველთვის მოხდება. ამის შემდეგ მან პირზე მაისური აიფარა და თქვა: „მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი“. ყველაფერი გავიგონე და მოვისმინე — მან ვინისიუსს „მაიმუნი“ ხუთჯერ უწოდა. „ბენფიკას“ ფეხბურთელებმაც გაიგონეს მისი სიტყვები და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი.
„ბენფიკასა“ და მის მთავარ მწვრთნელს უდიდეს პატივს ვცემ. მოურინიო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და „რეალში“ ისტორია დაწერა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ იმსახურებს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უდიდესი პატივია და ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითები უნდა ვიყოთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ფეხბურთი ყოველგვარ ღირებულებას დაკარგავს, თუ მსგავსი ქმედება დაუსჯელი დარჩება.
მოიხადა თუ არა პრესტიანიმ ბოდიში? მისი სახე ნახეთ? ბოდიში? ახალგაზრდა ფეხბურთელია და როგორ შეუძლია, ასე მოიქცეს? ვნახოთ, რა მოხდება, უეფას გადაწყვეტილებას ველოდებით. ყოველთვის ვინისიუსის გვერდით ვიდგებით და მას არასდროს მივატოვებთ“.
რასისტულ ინციდენტზე ორელიენ ჩუამენიმაც ისაუბრა: „სიმართლე ისაა, რომ მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. გვითხრეს, რომ პრესტიანიმ პირზე მაისური აიფარა და ვინისიუსს მაიმუნი უწოდა. შემდეგ პრესტიანი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ მას Maricon (დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომელიც გამოიყენება გეი კაცების მიმართ) უწოდა და არა მაიმუნი (Mono). რაც არ უნდა იყოს, სულერთია, მსგავსი რამ დაუშვებელია.“
ცნობისთვის, უეფას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ დაწერა, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.