ჩარლზ ოლივეირა, ალექს პერეირა, რენატო მოიკანო, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

ათი ბრძოლა, ათი წაგება - ბრაზილიელების კრახი UFC-ში

შერეულ ორთაბრძოლებში ბრაზილიას ყოველთვის გამორჩეული მებრძოლები ჰყავდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ქვეყნის წარმომადგენლები დადებითი კუთხით გულშემატკირებს თავს ნამდვილად ვერ ამახსოვრებენ. მეტსაც გეტყვით - 2025 წელს UFC-ის ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლის მონაწილე ბრაზილიის წარმომადგენელი ათჯერ იყო და ათივე შემთხვევაში დამარცხდა.

ბრაზილიელების კრახი UFC FIGHT NIGHT 249-ზე დაიწყო, სადაც ამანდა რიბასი მაკენზი დერნიმ დაანოკაუტა. UFC 311-ის მთავარი მოვლენის მონაწილე თავდაპირველად ამ ქვეყნის წარმომადგენელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არმან ცარუკიანმა წონა ვერ ჩააბარა და მის ნაცვლად ოქტაგონში ისლამ მახაჩევის წინაშე რენატო მოიკანო წარსდგა, თუმცა მალევე საბმიშენით დამარცხდა. ამას მოჰყვა UFC FIGHT NIGHT 251-ზე გრეგორი როდრიგესის ჯარედ კანონირთან ტექნიკური ნოკაუტით წაგება და UFC 313-ზე ალექს პერეირას წარუმატებლობა - „პო ატანმა“ მაგომედ ანკალაევთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა.

დაახლოებით ისეთივე უპირატესობა ჰქონდა ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრაზილიელ დიეგო ლოპესთან, როგორც ანკალაევს პერეირასთან და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში, ავსტრალიელმა UFC 314-ზე არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. არბიტრების ვერდიქტით წააგო UFC on ESPN 66-ზე კარლოს პრატესმა იან გარისთან, ხოლო დეივისონ ფიგერედო და გილბერტ ბარნსი შესაბამისად, UFC on ESPN 67-სა და UFC FIGHT NIGHT 256-ზე, ტექნიკური ნოკაუტებით კორი სენდჰეგენთან და მაიკლ მორალესთან დამარცხდნენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია UFC 317-ზე პირველივე რაუნდში ილია თოფურიას ბრუტალური ნოკაუტი ჩარლზ ოლივეირასთან, რის შემდეგაც ქართველი „ელ მატადორი“ ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ბრაზილიელების წარუმატებელი სვლის შეჩერებას დღეს, თბილისის დროით გამთენიისას, ტალისონ ტეიშეირა ცდილობდა, მაგრამ UFC on ESPN 70-ზე ის პირველივე რაუნდში დერიკ ლიუსთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ შეიძლება ბევრს გაახსენდეს უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ბრაზილიელი ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა, თუმცა მისი ბრძოლა UFC 317-ზე შედგა, სადაც მთავარი შეხვედრა თოფურია-ოლივეირა იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, UFC დართავს ილიას ნებას, ავიდეს ქვესაშუალო წონაში“ - მოიკანო
„იმედია, UFC დართავს ილიას ნებას, ავიდეს ქვესაშუალო წონაში“ - მოიკანო