არ ვნებდებით, შვედეთში მოგება შეგვიძლია | ტაბატაძე მალმიოსთან დაპირისპირებაზე
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია’’ „მიხეილ მესხზე’’ „მალმიოსთან’’ 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის შემტევმა იური ტაბატაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
იური ტაბატაძე: „სამწუხაროდ, პირველი მატჩი ძალიან ცუდი შედეგით დავასრულეთ. ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს იყო სწრაფი გოლის გაშვება... სამწუხაროდ, გოლი მატჩის დასაწყისში გავუშვით, რამაც ჩვენს თამაშზე ცუდად იმოქმედა. რაღაც მომენტებში გამოჩნდა, რომ გასვლითი თამაშის მოგება შეგვიძლია. არ ვნებდებით... ისე არ არის, რომ ყურები ჩამოვყარეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შვედეთში მოვიგოთ.
მსაჯს 2-დან ერთ ეპიზოდში მაინც შეეძლო ჩვენს სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა. პირადად ჩემს ეპიზოდზე ან პენალტი მეგონა, ან ჯარიმა და წითელი ბარათი... ზუსტად არ ვიცოდი, საჯარიმოში ვიყავი თუ არა''.
საპასუხო შეხვედრა მალმიოში 15 ივლისს გაიმართება.
Transfermarkt-ის მონაცემებით, „მალმიოს'' ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა 41,4 მილიონი ევროა, „იბერიასი'' მკვეთრად ნაკლები - 5,6 მილიონი ევრო. „მალმიოში'' ყველაზე ძვირადღირებული ჰუგო ბოლინია, 21 წლის ტალანტი 6 მილიონი ღირს, „იბერიაში'' ყველაზე ძვირადღირებული გიზი მამაგეიშვილია, მას აღნიშნული ვებგვერდი 600 000 ევროდ აფასებს.