დემეტრიუს ჯონსონი: „ილიას ცარუკიანი უნდა ეჩხუბოს“
მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი ილია თოფურია ისვენებს და მომდევნო მეტოქის მოლოდინშია. ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, სადაც ქართველმა „ელ მატადორმა“ ბრაზილიელი პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა, ოქტაგონში პედი პიმბლეტის შესვლის გამო, შეიქმნა ისეთი წინაპირობა, რომ ილიას შემდეგი მოწინააღდმეგე სწორედ ის იქნება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება UFC-ის ლეგენდა დემეტრიუს ჯონსონი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„არ მინდა ვიფიქრო, რომ UFC-ის ღონისძიებები და კალენდარი რეალითი-შოუს კიდევ უფრო დაემსგავსება და ასეც იქნება, თუ თოფურია პიმბლეტს დაუპირისპირდება. ორგანიზატორები არმან ცარუკიანს ეუბნებიან, რომ მას მოცდა მოუწევს, არადა სინამდვილეში ქამარზე ჩხუბს ყველაზე მეტად სწორედ ის იმსახურებს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ილიას პედი შეხვდეს, რადგან მათი ბრძოლა უფრო გაყიდვადი იქნება. რამდენად ობიექტურია ცარუკიანზე წინ ამ ლივერპულელი ბიჭის დაყენება, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი თოფურია-ოლივეირას ბრძოლას აზღვევდა. ოქტაგონში კი სომეხი სპორტსმენი ბოლოს 2024 წლის აპრილში გამოჩნდა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.