„P4P-ში თოფურიას ლიდერობა აბსოლუტურად დამსახურებულია“ - უიტეკერი
UFC-ის საშუალო წონის ავსტრალიელმა მებრძოლმა და ამავე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ P4P რეიტინგში „ელ მატადორის“ ლიდერობა აბსოლუტურად დამსახურებულია.
რა თქვა უიტეკერმა:
„ეს ყოველთვის ბოლო ჩხუბზეა დამოკიდებული. თოფურიამ შთამბეჭდავად დაამარცხა ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა - ერთმანეთის მიყოლებით. ილიამ ყველაფერი ძალიან სწორად გააკეთა იმისთვის, რომ UFC-ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი გამხდარიყო.
ასევე ვფიქრობ, რომ მახაჩევი შესანიშნავი მებრძოლია და თოფურიას არაფერში ჩამოუვარდება, მაგრამ ბოლო ჩხუბი ისლამს მოიკანოსთან ჰქონდა, რომელიც სულ სხვა მეტოქისთვის ემზადებოდა. ეს სულ სხვა საქმეა“.
შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ ილია თოფურიამ P4P რეიტინგის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რომელსაც მანამდე 2023 წლის ნოემბრიდან ისლამ მახაჩევი იკავებდა.