მუჰამედ ალი, შუგარ რეი რობინსონი და თოფურია | ლეგენდარული ტედი ატლასის ანალიზი
ტედი ატლასი კრივის ლეგენდარული მწვრთნელია, რომელსაც ძალიან ბევრ ცნობილ და ლეგენდარულ მოკრივესთან უმუშავია. ატლასი ჩარლზ ოლივეირასა და ილია თოფურიას ორთაბრძოლას გამოეხმაურა და „ელ მატადორი“ შეაქო.
„პედი პიმბლეტი კარგი მებრძოლია, პროგრესს მიაღწია და მისი დამარცხება რთულია, თუმცა ვთვლი, რომ თოფურიას ვერ მოუგებს. ვიცი, რომ ამტანი ყბა აქვს, მაგრამ ჩხუბისას ნიკაპს ძალიან მაღლა სწევს და ილია მას აუცილებლად იპოვის. არ მგონია, პიმბლეტი თოფურიას დონეზე იყოს და ასეთ ჩხუბს იმსახურებდეს.
ილია თოფურიამ გვაჩვენა, რომ სრულყოფილი მებრძოლია. ის ბრწყინვალე სტრაიკერია და UFC-ში, და ზოგადად MMA-ში, ალბათ, საუკეთესოცაა. სტრაიკინგის გარდა, მან დაამტკიცა, რომ პარტერშიც შესანიშნავია. მას სუსტი წერტილი უბრალოდ არ აქვს. კას დ’იამატოს ფრაზა მახსენდება. დ’იამატო ამბობდა, რომ მხოლოდ ორ მოკრივეში — მუჰამედ ალიში და შუგარ რეი რობინსონში — უნახავს ეს. რას გულისხმობდა? უმაღლესი დონის თავდაჯერებულობას. შეგეძლოთ, ისინი სიცრუის დეტექტორზე შეგეერთებინათ და ნახავდით, რომ არ იტყუებოდნენ — ბოლომდე სჯეროდათ, რომ ვერავინ დაამარცხებდა. უფრო მეტიც, მიაჩნდათ, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. თოფურიაც ასე ფიქრობს...
მოდით, ახლა ილიასა და ოლივეირას ჩხუბის ანალიზი გავაკეთოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გასაანალიზებელი არაფერია და მარჯვენით ძლიერად მოარტყა, რის შემდეგაც ჩარლზი ნოკაუტში აღმოჩნდა. ხალხი მკითხავს: ტედი, ორ წუთ-ნახევარში რა უნდა გაანალიზო? — და აგიხსნით, რაც მოხდა. ამ მცირე დროში ბევრი რამ ვნახეთ. არავინ ლაპარაკობს გრძელ, მტკივნეულ და პირდაპირ მარცხენა ჯებზე, რომელიც ილიამ ნოკაუტამდე დაახლოებით 3 წამით ადრე გაუტარა. იცით, ეს ჯები რა იყო? მას გზამკვლევის ფუნქცია ჰქონდა.
როდესაც ომში ხარ, ჯარისკაცების გარდა, ჭკვიანი წინამძღოლი უნდა გყავდეს — გენერალი, რომელიც ჯარისკაცების ლიდერია. ცხენზე ამხედრებულმა გენერალმა მზვერავებს დავალება მისცა, მოწინააღმდეგის პოზიციები დაეზვერათ და მათ შესახებ მოეხსენებინათ. ილიას მარცხენა ჯები მზვერავი იყო, რომელმაც რამდენიმე ათასი მეტრი — ამ შემთხვევაში, რამდენიმე სანტიმეტრი — გაიარა და ინფორმაციით დაბრუნდა.
მინდა, ბრუტალური ძალის გარდა ის დააფასოთ, რასაც ხშირად ვერ ვხედავთ და უყურადღებოდ რჩება. თოფურიამ პირდაპირი, გრძელი და ძლიერი ჯები გაუშვა, რომელიც უზუსტესი და მტკივნეული აღმოჩნდა. იმ წამსვე, დაბრუნებულმა მზვერავმა ილიას უთხრა, რომ ჩარლზი თავს არ ამოძრავებდა, ერთ ადგილას ჰქონდა გაჩერებული და მას შეეძლო, საქმეში არტილერია, ტანკები და ზარბაზნები ჩაერთო.
მარცხენა ჯების შემდეგ რას აკეთებს თოფურია? ოდნავ უკან იხევს, რათა ოლივეირას რეაგირება აიძულოს. ილიამ იცის, ჩარლზს რა რეაქცია ექნება. ილიამ იცის, რომ მისი მეტოქე აგრესიულ სტილს მიმართავს — წინ წავა და ეცდება, სამაგიერო დაუბრუნოს. როგორც კი ოლივეირა წინ წავიდა და თოფურიას მიუახლოვდა, ილია ისევ მარცხენა ჯებს უშვებს, რომელსაც ამჯერად წინიდან კი არა, ოდნავ მარცხნიდან იწყებს, რათა ოლივეირას აიძულოს, ყურადღება და თვალები მასზე გადაიტანოს. ჩარლზი მარცხენა ჯებზე ფოკუსირდება, რის შემდეგაც ილია მარჯვენა პირდაპირს უტარებს, რასაც მარცხენა ჰუკს აყოლებს. დააკვირდით, რომ მეორე ჯებს ბოლომდე არ ასრულებს. უბრალოდ სატყუარად იყენებს და შემდეგ საქმეს მარჯვენით ამთავრებს.
ბრწყინვალე კომბინაცია იყო და საოცრებაა, რომ ამ ბრუტალურ სპორტში ასეთი ტკბილი რაღაცის დანახვა შეგვიძლია. მინდა, ხალხმა ეს დაინახოს და დააფასოს. ილია სრულყოფილი მებრძოლია. ფიზიკურად სრულყოფილია, ტექნიკურად სრულყოფილია, ფსიქოლოგიურად სრულყოფილია. მას აქვს ის, რაც დიდ ჩემპიონებს უნდა ჰქონდეთ — ის ჭკვიანია, /ჩხუბისას ფიქრობს, ინფორმაციას ამუშავებს და გონებაში ყველაფერს დეტალებად შლის. ეს ბიჭი დიადია.“
შეგახსენებთ, რომ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. „ელ მატადორი“ UFC-ის Pound for Pound რეიტინგშიც დაწინაურდა და პირველ ადგილზეა.