NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
შარლოტა - ტორონტო 103 – 123
გასული ტური საკალათბურთო ასოციაციაში ჩრდილოეთ კაროლინაში გაიხსნა, სადაც საპლეიოფო საგზურისთვის მებრძოლმა “ჰორნეტსმა" ვერაფერი გააწყო საოცარ ფორმაში მყოფ “ტორონტოსთან" და 20 ქულიანი სხვაობით, 123-103 დამარცხდა.
კანადელებს დემარ დეროუზანმა ულიდერა 29 ქულით, სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო სი ჯეი მაილსი, 30 წლის გამთამაშებელმა 24 ქულას მოუყარა თავი და 9-დან 6 სამქულიანი მოათავსა კალათში.
“ჰორნეტსის" მხრიდან მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა დუაით ჰოვარდმა -17 ქულა, 13 მოხსნა, 23 ქულა და 9 გადაცემა ჩაიწერა აქტივში კემბა ვოკერმა.
ამ გამარჯვებით „ტორონტომ“ „ბოსტონს“ გადაასწრო და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ატლანტა - დეტროიტი 118 - 115
ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ბლეიკ გრიფინის “დეტროიტ პისტონსმა", რომელიც ამჯერად სტუმრად “ატლანტა ჰოუქსთან" დამარცხდა.
ჯორჯიელების რიგებში ტრადიციულად გამორჩეული მატჩი ჰქონდა დენის შროდერის, 24 წლის გამთამაშებლის ანგარიშზე 23 ქულაა, მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა დუეინ დედმონმა, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 13 მოხსნას მოუყარა თავი.
“პისტონსის" რიგებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარაა ბლეიკ გრიფინმა, “დეტროიტის" მძიმე ფორვარდმა 21-დან მხოლოდ 7 ბურთი მოათავსა კალათში და 23 ქულას მოუყარა თავი, მარგი ქმედების კოეფიციენტით კი უკანასკნელი იყო საკუთარი გუნდის რიგებში. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ანდრე დრამონდმა - 25 ქულა, 15 მოხსნა.
18 მოგებით და 39 მარცხით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება.
ბოსტონი - კლივლენდი 99 – 121
ტურის ცენტრალური მატჩი ბოსტონში გაიმართა, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულმა ლიდერმა „ბოსტონ სელტიკსმა“ ლებრონის “კავალიერსს" უმასპინძლა და 22 ქულიანი სხვაობით განადგურდა.
„კავსმა" გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება, “კლივლენდის" რიგებში ერთბაშად 7 მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, ორმაგი დუბლი მიითვალა “მეფემ" 24 ქულა 10 გადაცემა. სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთვნენ “კავსის" ახალწვეულები. როდნი ჰუდი და და ჯორდან კლარკსონი, - 15 და 17 ქულა.
"ბოსტონის" მხრიდან კაირი ირვინგი გამოირჩა 18 ქულით, თუმცა 25 წლის უკანახაზელმა 7-დან მხოლოდ 1 სამიანი მოათავსა კალათში და „კელტების რიგებში“ ყველაზე ცუდი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. ტრადიციულად კარგად ჩაერთო ტერი როზიერი, რომელიც საუკეთესო იყო “ბოსტონში" და 21 ქულა, 9 მოხსნა და 5 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
33 მოგებითა და 22 მარცხით „კლივლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.
ინდიანა - ნიუ იორკი 121 – 113
ინდიანაპოლისში, „პეისერსმა“ კრისტაპს პორზინგისის გარაშე დარჩენილ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და კომფორტული - 8 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
„ინდიანას“ რიგებში ერთბაშად 6 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, „პეისერსს“ ტრადიციულად ვიქტორ ოლადიპომ ულიდერა, 25 წლის უკანახაზელმა 30 ქულა, 9 გადაცემა, 8 მოხსნა და 6 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში.
ორმაგი დუბლი მიითვალა ტადეუს იანგმა - 18 ქულა, 11 მოხსნა.
„ნიქსის“ რიგებში წარმატებული გამოდგა ემანუელ მუდიეს დებიუტი, ახალწვეულმა 14 ქულასთან ერთად 10 გადაცემა მოაგროვა. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ენეს კანტერმა 17 ქულა, 11 მოხსნა.
32 მოგებითა და 25 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.
ჰიუსტონი - დალასი 104 - 97
საინტერესო დაპირისპირება გაიმართა „ჰიუსტონში“, სადაც საკმაოდ დაძაბულ ტეხასურ დერბიში „როკეტსებმა“ 7 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო „როკეტსმა“, „ჰიუსტონს“ ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 27 ქულით, 28-ე ორმაგი დუბლი მიითვალა კლინტ კაპელამ - 16 ქულა, 11 მოხსნა.
„დალასის“ რიგებში იუგი ფერელი გამოირჩა 20 ქულით, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში დენის სმიტ ჯუნიორმა 16 ქულა, 11 მოხსნა.
42 მოგებითა და 13 მარცხით „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება „გოლდენ სტეიტს“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.
მინესოტა - საკრამენტო 111-106
საკმაოდ დაძაბული გამოდგა „მინესოტასა“ და აუთსაიდერი „საკრამენტო კინგსის“ დაპირისპირება, „ტიმბერვულვზმა“ მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა „მეფეების“ წინააღმდეგობის გატეხვა და აღნიშნული პერიოდი 36 – 26 მოიგო.
„მინესოტას“ რიგებში ერთბაშად 6 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, „ტიმბერვულვზს“ კარლ ენტონი თაუნსმა ულიდერა 29 ქულით. ორმაგი დუბლით გამოირჩა ჯეფ ტიგი, 29 წლის გამთამაშებელმა 12 ქულას და 10 გადაცემას მოუყარა თავი.
„კინგსის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთსო მატჩი ჩაატარა დეაარონ ფოქსმა, „მეფეების“ ახალწვეულმა 23 ქულას მოუყარა თავი, სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო ბადი ჰილდი - 16 ქულა, 4 მოხსნა.
35 მოგებითა და 24 მარცხით „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ოკლაჰომა - მემფისი 110 – 92
რასელ ვესტბრუკისა და კარმელო ენტონის გარაშე მოასპარეზე „ოკლაჰომამ“ პრობლემების გარაშე 18 ქულიანი სხვაობით დაამარცხა საკუთარ კედლებში დასავლეთ კონფერენციის აუთსაიდერი „მემფის გრიზლი“.
ვესტბრუკისა და ენტონის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე პოლ ჯორჯმა აიღო, „თანდერის“ მსუბუქმა ფორვარდმა 33 ქულასთან ერთად 8 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო რეიმონდ ფელტონი - 14 ქულა, 6 მოხსნა, 8 გადაცემა.
„მემფისის“ რიგებში 10 ქულიან ნიშნულს მხოლოდ ოთხი კალათბურთელი გადაცდა, ჯამაიკლ გრინმა 14 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი, 18 ქულა ჩაიწერა აქტივში გაზოლმა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ოკლაჰომას“ 32 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
პორტლენდი - იუტა 96 – 115
ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო „იუტა ჯაზმა“, რომელმაც ამჯერად სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ 19 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.
„ჯაზმენების“ რიგებში მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა დონოვან მიჩელმა, რომელმაც რუბიოს არყოფნაში „იუტას“ 27 ქულით ულიდერა. 9-დან 6 სამქულიანი მოათავსა კალათში ჯო ინგლსმა და 24 ქულა ჩაიწერა აქტივში.
„პორტლენდს“ დემიენ ლილარდისა და სი ჯეი მაკკოლუმის დუეტმა ულიდერა, მათ ჯამში 61 ქულა მიითვალეს, „პორტლენდის“ დანარჩენმა მოთამაშეებმა კი მხოლოდ 37 ქულის მოგროვება შეძლეს, ასეთი თამაშით კი „იუტას“ დონის გუნდთან გამარჯვების მოპოვება საკმაოდ რთულია.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ლილარდს, რომელმაც 39 ქულას მოუყარა თავი.
28 მოგებით და 28 მარცხით „ჯაზმენები“ დასავლეთ კონფერენციის მეათე ადგილს იკავებენ და ნელ-ნელა საპლეიოფო ზონას უახლოვდებიან.