„კორპუსში დარტყმებით ორჯერ დამაგდო“ | მერაბმა ილიასთან სპარინგები გაიხსენა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემას ესტუმრა. „მანქანა“ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლას გამოეხმაურა და „ელ მატადორთან“ გამართული სპარინგები გაიხსენა.
„ილია განსაკუთრებულია. მისი ძმა, ალექსანდრეც ძალიან კარგი მებრძოლია, თუმცა ილია უფრო მაღალ დონეზეა. ყველაფერს წინასწარ ხედავს, გეგმები აქვს და მათ შესასრულებლად მუშაობს. ძალიან ჭკვიანი და ორგანიზებული ბიჭია.
ილიასთან სპარინგები მქონია და შესანიშნავი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს, მის ძლიერ დარტყმებზე კი ყველაფერი ვიცით. მასთან სპარინგებს ვეღარ ვმართავ, რადგან ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს. კორპუსში განხორციელებული დარტყმებით ორჯერ დამაგდო. მადლობა ღმერთს, რომ თავში არ მომარტყა და კარგად ვარ. ილიასთან გამართული ყოველი სპარინგის შემდეგ, უფალს მადლობას ვეუბნებოდი, რომ დასრულდა“.
მერაბმა UFC-ის Pound for Pound რეიტინგზეც გააკეთა კომენტარი. „მანქანის“ აზრით, პირველი თოფურია უნდა იყოს. მეორე პოზიციას ისლამ მახაჩევი უნდა იკავებდეს, მესამე - ალეშანდრე პანტოჟა, მეოთხე - დვალიშვილი.