„თავის ადგილს იპოვის და...“ | დემეტრიუს ჯონსონი ილიას მოგებას ვარაუდობს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. „მაითი მაისმა“ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ გამარჯვებას ვარაუდობს.
„ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ერთ მებრძოლს მტკივნეულ დარტყმებს ყოველთვის აყენებენ, მეორეს - არა. ერთადერთი ორთაბრძოლა, რომელშიც ილიას პრობლემები ჰქონდა, ჯაი ჰერბერტთან დაპირისპირება იყო. ძლიერად მოარტყეს და ნოკდაუნში აღმოჩნდა, მაგრამ მეტოქეს მომენტის ბოლომდე გამოყენების საშუალება არ მისცა და ნოკაუტით მოიგო.
ოლივეირას რაც შეეხება, მას პრობლემები ექმნება, როდესაც ჩხუბი დგომში მიმდინარეობს და აქცენტი სტრაიკინგზეა. გაიხსენეთ მაიკლ ჩენდლერთან, დასტინ პორიესთან, ჯასტინ გეიჯისთან და ისლამ მახაჩევთან გამართული ორთაბრძოლები. ჩემი აზრით, თოფურია ოლივეირას ძლიერად მოარტყამს და სხვებისგან განსხვავებით, მას წამოდგომის საშუალებას არ მისცემს. დაბლა ჩაჰყვება და შეეცდება, დააფინიშოს. ჩემი აზრით, თოფურია გაიმარჯვებს. თავის ადგილს იპოვის და ოლივეირას მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს“.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე თოფურიასა და ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და 08:00-დან დაიწყება. ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად ქართველ მებრძოლს მიიჩნევენ.