დილას ყოფილი მწვრთნელი ბულგარეთში - მოტამ სომხეთი დატოვა
„დილასთვის“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის როგორც შარშანდელი, ასევე წლევანდელი სეზონის პირველი ნახევარი წარმატებული იყო, თუმცა პირველი წრის შემდეგ გორის გუნდი შარშანაც და წელსაც უმწვრთნელოდ დარჩა. რიკარდო კოშტასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ახალი მომხდარია და ყველამ კარგად იცის, შარშან კი, იმ დროისთვის გათამაშების ლიდერი გუნდიდან რუი მოტა წავიდა, რომელმაც „დილას“ სომხეთის „ნოა“ ამჯობინა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა სომხურ კლუბში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ისეთ შედეგებს მიაღწია, როგორსაც არავინ ელოდა - მისი ხელმძღვანელობით „ნოამ“ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა და ბუნებრივია, რუი მოტას წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა - ის ახალი სეზონიდან გაცილებით უფრო დიდი ტრადიციების მქონე კლუბ „ლუდოგორეცს“ მოამზადებს.
მოტამ რაზგრადულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ბულგარელები უეფას ჩემპიონთა ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებენ, სადაც მათი მეტოქე მინსკის „დინამო“ იქნება. ცნობისათვის, „ლუდოგორეცი“ ბულგარეთის 14-გზის ჩემპიონის, თასის 4-გზისა და სუპერთასის 8-გზის მფლობელია.