ერთ წელიწადში წავა - ლევანდოვსკის არაბები ეპატიჟებიან
რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული, რომლის ამოწურვის შემდეგაც მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებას აღარ განიხილავენ. თავად პოლონელს აქამდე ჰქონდა დიდი სურვილი, რომ კარიერის ბოლომდე „ბლაუგრანაში“ დარჩენილიყო, თუმცა როგორც ჩანს გეგმები შეცვალა და ახლა სურს, სანამ ფეხბურთს თავს დაანებებს, რამდენიმე წელიწადი საუდის არაბეთში მოასწროს ასპარეზობა, რომლის შიდა პირველობაც ევროპელი ვარსკვლავების გადასვლის შემდეგ საკმაოდ პოპულარული და კონკურენტუნარიანი გახდა.
36 წლის პოლონელი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 12 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ის არაბებს თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდეს და შესაბამისად, მის სანაცვლოდ არც ერთი ცენტის გადახდა არ იქნება საჭირო. რაც შეეხება მომავალ სეზონს, კატალონიელები „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მარკუს რაშფორდის დამატებას გეგმავენ, რომელსაც როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრში თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა და თავის ბოლო „ბარსელონურ“ სეზონში ლევანდოვსკის ფერან ტორესის გარდა, კიდევ ერთი ღირსეული კონკურენტი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს დასრულებულ სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონამ“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 52 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.