„მერაბთან საჩხუბრად პანტოჟა ძალიან პატარაა“ - მუჰამედ მოკაევი
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მუჰამედ მოკაევმა, რომელიც ამჟამად Brave-ის პრომოუშენში იბრძვის, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
მოკაევი, რომელმაც MMA-ში ჩატარებული 15-ვე ბრძოლა აქვს მოგებული, მიიჩნევს, რომ უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა სუპერმსუბუქ წონაში გადასვლის შემთხვევაში „მანქანას“ კონკურენციას ვერ გაუწევს.
 
მოკაევი:
 
„ხშირად მესმის საუბრები, რომ პანტოჟა მერაბს უნდა ეჩხუბოს, რასაც არ ვეთანხმები. პანტოჟა საკმარისად დიდი არაა. საკუთარ თავზეც იმავეს ვიტყვი - მერაბთან საჩხუბრად პატარა ვარ. მერაბი სუპერმსუბუქი წონისთვის ძალიან ძლიერია.
ამას ობიექტურად ვამბობ და არა იმიტომ, რომ პანტოჟა მძულს. დეივისონ ფიგერედოსაც კი, რომელიც ყველაზე დიდია უმსუბუქეს წონაში, სუპერმსუბუქ წონაში ჩხუბი გაუჭირდა, პანტოჟა კი მასზე პატარაა.
პანტოჟა ძალიან მომწონს, ოქტაგონის მიღმაც ის ძალიან კარგი ბიჭია. მისთვის აჯობებს, რომ უმსუბუქეს წონაში დარჩეს და საკუთარი მემკვიდრეობის შექმნა გააგრძელოს“.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი მეორედ დაამარცხა, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თუ დვალიშვილისა და პანტოჟას ჩხუბის მიმართ ინტერესი იქნება, ასეთი ჩხუბის ჩანიშვნა საკმაოდ რეალურია.
აქვე გეტყვით, რომ ალეშანდრე პანტოჟა უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს 2023 წლის ივლისიდან ფლობს, როდესაც საჩემპიონო ჩხუბში ბრენდონ მორენოს მოუგო. ბრაზილიელი „კანიბალის“ ანგარიშზე უკვე სამი დაცვაა - ბრენდონ როივალთან, სტივ ერცეგთან და კაი ასაკურასთან, საერთო ჯამში კი 29 მოგება და 5 წაგება აქვს.