გიორგი ლორია
Aa
Aa

ლორია: ნაკრების მაისურის ტარებაზე დიდი პატივი ქართველი ფეხბურთელისთვის არაფერია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიორგი ლორიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც 5 ივნისს, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ეროვნული ნაკრების მეკარემ ბოლო მატჩი ფარერის კუნძულებთან ჩაატარა.

რა თქვა ლორიამ:

„გაორებული ემოცია მაქვს: ერთი მხარე ვერ ეგუება ამ ფაქტს, მეორე კი ფიქრობს, რომ გარდაუვალია. ქვეცნობიერად ამაზე ვფიქრობდი, რადგან გინდა თუ არ გინდა, ეს დრო მოვიდოდა, თუმცა ეს დრო რომ მოვიდა, ფაქტის წინაშე დადგომა და ამის გააზრება ძალიან რთულია“.

„2008 წელს, როდესაც პირველად მომიწია ეროვნულ ნაკრებში მისვლა, სამწუხაროდ, ასეთი გარემო არ იყო. მაშინ უფრო სხვა ემოციები იყო. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტი სიჩუმე იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმდენად დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი და იმდენად დიდი ზეწოლა იყო, არც პირველი წუთები მახსოვს, არც პირველი ვარჯიში და საერთოდ არაფერი“.

„პირველად, როდესაც ჰიმნის შესრულება მომიწია, ეს უბრალოდ ამხანაგური მატჩი კი არ იყო, სტატისტიკაში ჩასაწერი, შედარება რომ გავაკეთო, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მქონდა დებიუტი. ეს იყო ყველაფერზე მეტი, რაც შეიძლება ფეხბურთელს ჰქონდეს - ეროვნული ნაკრების მაისურის ტარებაზე დიდი პატივი ქართველი ფეხბურთელისთვის არაფერია“.

„ფეხბურთმა მომცა და შემძინა უამრავი კოლეგა, მეგობარი, მანახა სამყარო. შემძინა ძალიან ბევრი გულშემატკივარი. რომ არა ფეხბურთი, ბევრ ადამიანთან შეიძლება საერთოდ შეხებაც არ მქონოდა და ამიხდინა ყველაზე დიდი ოცნება - ჩემი ქვეყანა საზღვარგარეთ წარმომეჩინა საუკეთესო კუთხით. ფეხბურთმა მასწავლა ყველაზე დიდი რამ - როდესაც წაიქცევი, როგორ შეძლო წამოდგომა და გაგრძელება, ბრძოლა საკუთარი მიზნისკენ“.

შეგახსენებთ, რომ ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს 2008 წლიდან იცავდა. ყველა ტურნირზე ერთად, მან 79 მატჩი ჩაატარა. ეროვნული გუნდის მაისურით გიორგის დებიუტი, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“
ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“