ნიკა გაგნიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

“დაღლილობა მეორეხარისხოვანია“ - ფეხბურთელები კაბო-ვერდესთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

7 ივნისს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე შედგა ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს გიორგი გოჩოლეიშვილმა უპასუხა.

გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ქუთაისში სანაკრებო თამაშის ჩატარება ძალიან კარგია და სასიხარულოა პირადად ჩემთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარს კარგი თამაში ვაჩვენოთ და სახლში გახარებულები გავუშვათ. სეზონის ბოლოა, თუმცა როდესაც ნაკრებში ჩამოდიხარ, დაღლილობა მეორეხარისხოვანია, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ“.

ნიკა კვეკვესკირი (ეროვნული ნაკრების წევრი): „სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ფეხბურთელს, ვისაც მცირე დრო ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონია ნაკრებში თამაშის საშუალება, მიეცა და ხვალინდელ შეხვედრაშიც მიეცემა შანსი. მგონია, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც წაადგება ნაკრებში კონკურენციის ზრდას.

რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ასეთი დონის მატჩები ტარდება თბილისს გარეთ, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი“.

ნიკა გაგნიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს თამაში უდიდესი გამოწვევა  იყო ჩემთვის. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. განსხვავებული, ბევრად ტექნიკური გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა.“

საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები