სანიოლი: არ მახსოვს, საქართველოში ცუდი ვარჯიში ბოლოს როდის მქონდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სანიოლმა ფეხბურთელების მონდომებას, დისციპლინასა და თავდადებას ხაზი გაუსვა. ასევე, აღნიშნა, რომ დიდი ხანია საქართველოში ცუდი ვარჯიში არ ჰქონია.
ვილი სანიოლი: „კმაყოფილი ვარ მოთამაშეების მიერ შექმნილი გარემოთი, მათი მენტალიტეტით. მონდომებით ვარჯიშობენ, დისციპლინასა და ამბიციას ავლენენ.
რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მათი თამაშები ვნახე, მაგალითად გოჩოლეიშვილისა და მექვაბიშვილის, რომლებიც კვლავ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ნაკრებთან ერთად გამოცდილება შეიძინეს. ცდილობენ გუნდს ულიდერონ და ამ პროცესის ნახვა საინტერესოა.
არ მახსოვს ბოლოს როდის მქონდა საქართველოში ცუდი ვარჯიში. როგორც მინიმუმ, 2022 წლის ერთა ლიგის შემდეგ ნამდვილად არ მქონია. გუნდში ატმოსფერო ყოველთვის კარგია, ფეხბურთელები შრომისუნარიანობას და თავდადებას ავლენენ’’.
საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.