ლივერპულის წინასასეზონო ტურნე | მერსისაიდელთა გეგმები
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ბოლო მატჩი ჩაატარა და უახლოეს პერიოდში, „ლივერპულს“ შეუერთდება. ქართველი მეკარე ახალი სეზონისთვის მერსისაიდელებთან ერთად მოემზადება და ცნობილი გახდა, არნე სლოტის გუნდს პრესეზონზე რა გეგმები აქვს.
„ლივერპული“ ახალი სეზონისთვის სამზადისს 7 ივლისს დაიწყებს. 13 ივლისს, პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ამხანაგურ მატჩს გამართავს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, „წითლები“ „პრესტონს“ დაუპირისპირდებიან და შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ივლისის ბოლოს, არნე სლოტის გუნდს აზიური ტურნე აქვს დაგეგმილი. მერსისაიდელები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ და ჰონგ კონგში „მილანს“ დაუპირისპირდებიან, შემდეგ ჩინეთში გაემგზავრებიან, სადაც 26 ივლისს, ითამაშებენ, 30 ივლისს კი, იაპონიაში „იოკოჰამა მარინოსს“ შეხვდებიან.
ცნობისთვის, ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა. გიორგის რამდენჯერმე უთქვამს, რომ „ენფილდზე“ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და მისი მიზანი ალისონისთვის კონკურენციის გაწევაა.