გიორგი ლორია ხვალ ნაკრებში ბოლო მატჩს გამართავს
გიორგი ლორია ფარერის კუნძულებთან მატჩის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა განუცხადა.
ალექსანდრე იაშვილი:
„ჩემთვის ემოციური დღეა. ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავს ისეთი მეკარე, როგორიც გიორგი ლორიაა. ჩვენი ქვეყნის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. 17 წელია, ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და ნაკრებისთვის ბევრი რამ გააკეთა, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა.
ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნისთვის, ის სიყვარული უკან დაუბრუნდეს. ხვალ გიორგი ლორიასთვის ნაკრებში ბოლო თამაში იქნება. მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება და მჯერა, ის სამომავლოდაც გამოადგება ჩვენს ნაკრებს. მინდა, მას სამომავლოდ წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა იაშვილმა.
ცნობისთვის, ლორიას ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული. ეროვნული გუნდის მაისურით მისი დებიუტი 2008 წელს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებს უმასპინძლებს - მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.