„ყველაფრისთვის მზად ვართ“ | დემბელესა და მარკინიოსის პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა, უსმან დემბელემ და მარკინიოსმა პრესკონფერენცია გამართეს. პსჟ-ის მოთამაშეებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს და „ინტერთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.
„როგორც ბევრჯერ მითქვამს, ძალიან ვამაყობ, რომ ფინალში გავედით. უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მარტივი არ ყოფილა. განსაკუთრებით, ტურნირის საწყის ეტაპზე. საბედნიეროდ, სიტუაცია შემოვატრიალეთ და ფინალში გავედით. მიუნხენში, გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება გასაოცარი შეგრძნებაა და ფანტასტიკურია, რომ აქ ვართ.
როდესაც პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხარ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ. გუნდზე ვარ ორიენტირებული და არა ინდივიდუალურ მიღწევებზე. ემოციები უნდა გავაკონტროლოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალს უდიდესი აღტაცება ახლავს თან. სიმშვიდის შენარჩუნებაა აუცილებელი და ამ ისტორიულ მომენტს ღიმილით უნდა შევხვდეთ.
მოხარული ვარ, რომ ფინალში ჩემი მეტოქეები ფრანგი ფეხბურთელებიც იქნებიან. ინტერს კარგი სეზონი ჰქონდა და ბენჟამინ პავარი არის მოთამაშე, რომლის მოტყუებაც რთულია. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ იმედი მაქვს, ხვალ ყველაფერი ჩვენი იქნება. ინტერი ფინალში დამსახურებულად გავიდა და ბოლო 4-5 წელია, ერთად თამაშობენ, რის გამოც, ერთმანეთს იდეალურად უგებენ. ინტერი ძალისმიერი გუნდია, ბურთს კარგად აკონტროლებს და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ძლიერია. იციან, უკნიდან როგორ ჩაიწიონ და ყურადღების მოდუნების უფლება ერთი წამითაც არ გვაქვს“, - განაცხადა დემბელემ.
„ლუის ენრიკეს ჩვენს გუნდში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. პირველივე დღიდან, ის ფიზმომზადებასა და ტაქტიკაზე გვავარჯიშებდა და არც ფსიქოლოგიური მხარე დაუტოვებია უყურადღებოდ. ის ემოციების გაკონტროლების მხრივ, ძალიან დაგვეხმარა. მიმდინარე კვირაში, მასთან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველაფრისთვის მოგვამზადა. ფინალისთვის და ყველაფრისთვის, რაც მატჩის მიმდინარეობისას მოხდება, მზად ვართ. გამარჯვება გვინდა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რისთვისაც მზად ვართ.
ვიცით, ინტერი რამდენად ძლიერი გუნდია. მეტოქის ტაქტიკაზე ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა ვხვდებით, რომ ტაქტიკაზე და ჩვენს მოძრაობებზე მეტოქეც ღელავს. მწვრთნელმა კარგად მოგვამზადა და ბოლო დეტალებზეც ვისაუბრებთ. ჩვენს ძლიერ მხარეებზე მოვახდენთ კონცენტრაციას და ვნახოთ, რა გამოგვივა“, - აღნიშნა მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია. რაც შეეხება „ინტერს“, იტალიური კლუბის გამარჯვების შანსი 46,4%-ს შეადგენს.