„ხვიჩას კარგად ვიცნობთ“ | ფინალის წინ, ლაუტაროს კვარაზე ჰკითხეს
„ინტერის“ ფეხბურთელმა, ლაუტარო მარტინესმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. არგენტინელმა თავდამსხმელმა ფინალისწინა პრესკონფერენცია გამართა და „კვარას“ შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„კვარაცხელიას ძალიან კარგად ვიცნობთ და როდესაც ნაპოლის რიგებში ასპარეზობდა, მის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც ერთი-ერთზე, მეტოქეზე მიდის და სივრცეში თამაში უყვარს.
ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ კვარაცხელიას, არამედ პარი სენ-ჟერმენის ყველა ფეხბურთელს, რომლებიც ხარისხით გამოირჩევიან. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს, რომელზეც გადამწყვეტ დეტალებზე ვიმუშავებთ, შემდეგ კი დავისვენებთ, რათა ხვალ კარგი მატჩი ჩავატაროთ“.
ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია. რაც შეეხება „ინტერს“, იტალიური კლუბის გამარჯვების შანსი 46,4%-ს შეადგენს.