შემტევი ტრიო შეიცვლება? | პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა ფინალში
საფეხბურთო სამყარო 31 მაისს მოუთმენლად ელოდება. მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, თბილისის დროით, 23:00-ზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან.
ფინალთან დაკავშირებით, L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა და პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის მიხედვით, ლუის ენრიკე შეტევაში ცვლილებებს გეგმავს და დეზირე დუეს ნაცვლად, ძირითადში ბრედლი ბარკოლა გამოჩნდება.
„პარი სენ-ჟერმენის“ სასტარტო შემადგენლობა: ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიამ პაჩო, ნუნუ მენდეში, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია.
L’Equipe-ის აზრით, ბარკოლას ძირითადში დაბრუნება საფრანგეთის თასის ფინალში ნაჩვენებით თამაშით იქნება განპირობებული. „რეიმსის“ წინააღმდეგ, ბრედლი ფენომენალური იყო და ორი გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია. რაც შეეხება „ინტერს“, იტალიური კლუბის გამარჯვების შანსი 46,4%-ს შეადგენს.