„იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ“ | ლაუტარომ ფინალზე ისაუბრა
„ინტერის“ ფეხბურთელმა, ლაუტარო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. „ნერაძური“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება და არგენტინელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა მომიგია და არ ვფიქრობ ტიტულებზე, რომლებიც მაკლია, თუმცა, ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი მიზანია. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთ ფინალში ვითამაშებთ. შევეცდებით, იდეალური მატჩი ჩავატაროთ და თასი, რომელიც იტალიას დიდი ხანია არ უნახავს, იქ ჩავიტანოთ.
როგორ შეგვიძლია ფინალის მოგება? იდეალური მატჩის ჩატარებით და დეტალებზე ყურადღების გამახვილებით. ფოკუსირებული უნდა ვიყოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ. აუცილებელია, სათანადოდ დავისვენოთ და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც პარი სენ-ჟერმენი შემოგვთავაზებს.
პსჟ-ს ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს. ასე რომ არ იყოს, ფინალში ვერ გავიდოდნენ. ნახევარდაცვა მათი სული და გულია, მაგრამ ჩვენი სიძლიერე გუნდურობაა. ბარსელონასთან ეს კარგად ვაჩვენეთ. ერთიანობა რომ არ გვქონდეს, ასეთ თამაშებს ვერ ჩავატარებდით.
რა განსხვავებაა, ამ ფინალსა და სხვა ფინალებს შორის? განსხვავება ისაა, რომ აქ კაპიტნის სამკლავურით ვიქნები, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ერთიანი უნდა ვიყოთ და გუნდურად ვითამაშოთ. ეს ფინალია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რის გაკეთებაა საჭირო. გვყავს მეტოქე, რომელსაც პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მას ზიანის მოყენება შეუძლია, მაგრამ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და „ინტერი“ შეხვდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.