„კვარასნაირი ვარსკვლავი დაკარგა, მაგრამ...“ - დე ლაურენტისმა კონტე შეაქო
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სერია ა-ს მოგებისთვის მადლობა გადაუხადა და „პარტენოპეის“ ყოფილი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
აურელიო დე ლაურენტისი:
„ანტონიო კონტე შექებას იმსახურებს, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ისეთი ვარსკვლავის გარეშე დარჩა, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა მან მაინც იპოვა გამოსავალი და ტრავმების ფონზე 4-5 სხვადასხვა სათამაშო სქემა დანერგა.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სათამაშო სქემებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია დიდი საფეხბურთო ექსპერტი გყავდეს. მან გუნდი ბოლომდე მიიყვანა და სამ წელიწადში მეორე სკუდეტო მოგვაგებინა.
„ნაპოლი“ წლებია, ევროთასებზე ასპარეზობს, გამონაკლისი მხოლოდ ეს სეზონი იყო. ამან გვასწავლა, რომ ცხოვრებაში არასოდეს უნდა გეშინოდეს, თავაწეულმა უნდა იარო წინ და ყველა პრობლემა პროფესიონალიზმის ხარჯზე მოაგვარო“.
ცნობისთვის, სერია ა-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ დაამარცხა და კლუბის ისტორიაში მეოთხე, ბოლო 3 წელიწადში კი მეორე ჩემპიონობა იზეიმა.
აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის თანახმად, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, ანტონიო კონტემ შესაძლოა ნეაპოლში მუშაობა არ გააგრძელოს და ყოფილ კლუბში, „იუვენტუსში“ დაბრუნდეს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის იანვარში „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ კვარამ „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა (5 გოლი და 3 ასისტი 17 მატჩში), სერია ა-ს წესების თანახმად, ჩემპიონებად მხოლოდ ის ფეხბურთელები ითვლებიან, რომლებიც გუნდში სეზონის ბოლოს იმყოფებოდნენ.