მესის ბრწყინვალე ჯარიმა ფილადელფიასთან - ინტერ მაიამიმ ქულები დაკარგა
MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი ფილადელფიას ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. მე-60 წუთზე ალბას პასით ალენდემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა 73-ე წუთზე ბარიბომ 3:1 დააფიქსირა.
87-ე წუთზე საქმეში ლიონელ მესი ჩაერთო, რომელმაც ფილადელფიას საოცარი სილამაზის ჯარიმა გაუტანა და ჩამორჩენა 1-ბურთიანი გახადა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე სეგოვიამ გაიტანა და საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 18 ჩატარებულ შეხვედრაში მე-11 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ინტერ მაიამის, დევიდ ბექჰემის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ინტერ მაიამიმ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო.